გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 16 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო 40 წლის კაცი, 1979 წელს დაბადებული ი.ბ. და მას 10 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.
დაზარალებული არასრულწლოვნის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი იცავდა.
ორგანიზაციის თანახმად, არასრულწლოვანთან კაცმა 2018 წლის სექტემბერში სქესობრივი კავშირი მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით დაამყარა. არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა და 2019 წლის მაისში ბავშვი გააჩინა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებულმა გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მსჯავრდებული ბავშვის ბიოლოგიური მამაა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, მომხდარის გახმაურების შემდეგ სასჯელისაგან თავის არიდების მიზნით, არასრულწლოვანს მამაკაცმა თავის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზა იმ დათქმით, რომ როცა ბიჭი 16 წლის გახდებოდა, მას ცოლად მოიყვანდა.
არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული პირი შს სამინისტრომ 2019 წლის ივნისში დააკავა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურების ფაქტზე, სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 13 წლამდე ვადით.
დაწერეთ კომენტარი