Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ "ქართულ ოცნებას" საარჩევნო ოლქების საკუთარ ინტერესებზე მორგება სურს


"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე
"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე

საპარლამენტო ოპოზიციურ პარტია „ევროპულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, მაჟორიტარული ოლქები თავის ინტერესებს მოარგოს.

„ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მცდელობა, საკუთარ პარტიულ ინტერესს მოარგოს მაჟორიტარული ოლქები და შეამციროს მათი რაოდენობა იქ, სადაც განსაკუთრებით უჭირს, მაგალითად, თბილისსა და იმერეთში“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

მისი შეფასებით, როგორც ჩანს, განვლილმა თვეებმა ხელისუფლებას ვერ გამოატანინა სწორი დასკვნა, რომ ოპოზიციის გარეშე საარჩევნო სისტემის მოფიქრებას და საკუთარი ვერსიებით გამოსვლას არანაირი აზრი არ აქვს.

ბაქრაძემ „ქართულ ოცნებას“ მიმართა, მაჟორიტარულ ოლქებსა და ყველა სხვა საკითხზეც, ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართოს: „ვერ უშველით მათ მიერ შეკრეჭილი და საკუთარ ინტერესებზე მორგებული ოლქები, ისევე როგორც ვერანაირი ოლქები ვეღარ უშველის ოცნებას ამ შემოდგომაზე. მაგრამ ვიმეორებ, ვერც ერთი ვარიანტი ვერ იქნება ღირებული და მიღებული, თუ მას არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა“.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით, კონსულტაციებისთვის მზად არიან.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 10 მარტს განაცხადა, რომ წინასწარი მონახაზით, იმერეთში 4 მაჟორიტარული ოლქი იქნება, აჭარა, სამეგრელო, კახეთი და ქვემო ქართლი 3-3 ოლქად დაიყოფა, შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი 2-2 ოლქად, თითო მაჟორიტარული ოლქი იქნება გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში და 7 თბილისში.

მაჟორიტარული ოლქების საზღვრები მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე უნდა შეიცვალოს. უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2020 წელს, პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

შეთანხმების პირობების დაკანონებას სჭირდება ცვლილებები კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში.

დღეს მოქმედი წესით, საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან 73 მაჟორიტარული, ხოლო 77 პროპორციული სისტემით აირჩევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG