Accessibility links

ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე: შალვა თადუმაძე გადამალეს


ანა დოლიძე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის მიმართ ხელისუფლებამ განახორციელა ოპერაცია - „ეს ბიჭი გადამალეთ“. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა საერთაშორისო წნეხის შედეგად არ დაასახელა:

„ქართულმა ოცნებამ საერთაშორისო წნეხის პირობებში და ფონზე ჩაატარა ოპერაცია „ეს ბიჭი გადამალეთ“. ხო გახსოვთ, „წუნა და წრუწუნაში“ რომ არის.

გადამალეს შალვა თადუმაძე იმიტომ, რომ მიხვდნენ, რომ მთლად საჩვენებელი ფიგურა, როგორც პირველი პირი, სასამართლოდან ის არ არის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, ნინო ქადაგიძე ხელისუფლებისთვის ასევე კარგი დასაყრდენი იქნება:

„ნინო ქადაგიძე არის ადამიანი, რომელიც გვერდიგვერდში მსახურობდა 2002-2012 წლებში მიხეილ ჩინჩალაძის გვერდზე. თქვენ რომ იუსტიციის საბჭოში მისი ჩანაწერები ნახოთ, გაიგებთ, რომ ის ჩინჩალაძეს ასახელებს, როგორც მის კოლეგას. ანუ იმ მძიმე პერიოდში, რომელსაც უზენაესი სასამართლოს რეპრესიული მანქანა ემსახურებოდა, ნინო ქადაგიძე იყო ამ მანქანის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, „სისხლიან 9 წელს“ ვგულისხმობ. ამის შემდეგ ის დაჯილდოვდა და მალე გადავიდა სააპელაციო სასამართლოში. ახლა კი დაბრუნდა უზენაეს სასამართლოში. შესაბამისად, გასაგებია, რომ ხელისუფლებისთვის ის იქნება არაჩვეულებრივი დასაყრდენი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად 10 მარტს ნინო ქადაგიძე დაასახელა. კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღია ანა დოლიძეს, ხოლო საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლეა. მის დასამტკიცებლად პარლამენტის თანხმობაა საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG