Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიიდან სპეცრეისით ჩამოსული 156 ადამიანიდან, შვიდს სიცხე აღენიშნება


რომიდან თბილისში სპეციალური ავიარეისით ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა თვითმფრინავში შესაბამისი განლაგებით იმგზავრეს, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. საქართველოს მთავრობის ორგანიზებით რომიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები მანამდე იტალიის სხვადასხვა რეგიონში იმყოფებოდნენ.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ორი თვითმფრინავით ჩამოსული მგზავრებიდან სიცხე დაუფიქსირდა შვიდ ადამიანს. საგანგებო სამედიცინო სამსახურმა ისინი სტაციონარებში - თბილისის ჰოსპიტლებში გადაიყვანეს.

დანარჩენები მგზავრები საკარანტინო ზონაში იმყოფებიან. „საკმაოდ კომფორტულ პირობები აქვთ, სასტუმროები არის შერჩეული. ამაზე პასუხისმგებელია ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის დეპარტამენტი. მიცემული აქვთ ინსტრუქცია, როგორი უნდა იყოს ამ ადამიანებთან ურთიერთობა. შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები იმუშავებენ მათთან. ასევე დაწესებულებებში, სადაც კარანტინს გაივლიან, იქნება სამედიცინო მეთვალყურეობა. კარანტინში რეჟიმის დაცვის თვალსაზრისით აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

სპეციალური რეისებით იტალიიდან დაბრუნდა საქართველოს 156 მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების გამო იტალიაში განსაკუთრებული ზომები არის მიღებული. საქართველომ იტალიასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.

საქართველოში 10 მარტის მონაცემებით კორონავირუსით (COVID – 19) 23 ადამიანი არის დასნებოვნებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG