Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 20 პაციენტი იმყოფება


11 მარტის 10:30 საათის მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია 41 პაციენტი, რომელთაგან 20-ს დადასტურებული აქვს კორონავირუსით COVID-19 ინფიცირება. ეს მონაცემები მედიას დილით გააცნო საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისი ინფორმაციით, 10 მარტს ორ ეტაპად ჩატარდა 29 პაციენტის გამოკვლევა და მათგან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა COVID-19. შესაბამისად, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღის პირველ ნახევარში 15-მდე გაიზარდა ახალი სახეობის ვირუსის დიაგნოზით მყოფი პაციენტების რიცხვი, დღის მეორე ნახევარში კი, კლინიკაში გადაიყვანეს კიდევ ხუთი პაციენტი, რომლებსაც კორონავირუსი ლაბორატორული კვლევით დაუდასტურდათ.

„ამ ოც პაციენტზე გვაქვს ოთხი წყარო. ერთი წყაროა ირანის ისტორია და ეს არის ორი პაციენტი. მეორე წყარო არის იტალია. ერთ-ერთი ქალაქიდან გვყავდა ერთი პაციენტი, რომელსაც შემოემატა ხუთი პაციენტი და გახდა ამ წყაროდან ექვსი - ერთ პაციენტს დაემატა ერთად მოგზაურობაში მყოფი კიდევ ხუთი ადამიანი. შემდეგი წყაროა ისევ იტალიის ერთ-ერთი ქალაქი და ჩვენთან შემოსული ექვსი პაციენტი, ორი ოჯახი და ამ ექვს პაციენტთან კონტაქტში მყოფი კიდევ ხუთი ადამიანი. ანუ ეს 11 ადამიანი არის ერთი წყარო - მოგზაურობის ისტორიის პაციენტები და მათთან კონტაქტები. მეოთხე წყაროა, ერთი პაციენტი გვყავს - ეს არის ესპანეთის ისტორია. აი, ეს არის ამ ოცი პაციენტის ეპიდემიოლოგიური ანამნეზი, ანუ ეპდემიოლოგიური ისტორია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი ინფორმაციით, 20 პაციენტიდან ერთის მდგომარეობაა მძიმე, თუმცა სტაბილური: „მდგომარეობა არ უმჯობესდება, მაგრამ თვალხილულად არ უარესდება“.

პნევმონია აქვს კიდევ ოთხ პაციენტს, თუმცა, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი 15 პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მსუბუქია, სხვადასხვა კლინკური ნიშნით და დაბალი ტემპერატურით.

მსუბუქი მდგომარეობის პაციენტებს შორისაა ბავშვი, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 10 მარტს, დღის მეორე ნახევარში მოათავსეს კიდევ 4 პაციენტთან ერთად. მარინა ეზუგბაიას თქმით, „ოჯახი იყო ერთად წასული, ანუ ეს არის ერთი ისტორია. ბავშვის მდგომარეობა ჯერჯერობით არის მსუბუქი. საბედნიეროდ, ბავშვებში დაავადება უფრო მსუბუქად ვითარდება, ვიდრე მოზრდილებში“.

თბილისის ინფქეციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განმარტა, რომ ზოგადად, დაავადების პროგრესირება შესაძლებელია გამოვლენიდან 13 დღის განმავლობაში და ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ მკურნალობაზე: „შეიძლება პაციენტი მკურნალობდეს, კარგად მოვლილი იყოს, მაგრამ მასთან დაავადების პროგრესირება განვითარდეს. ეს დამოკიდებულია თვითონ ინფექციაზე და ამ ადამიანის იმუნურ სისტემაზე“.

მარინა ეზუგბაიას ცნობით, დღეს, 11 მარტს ჩასატარებელია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 6 პაციენტის ტესტირება.

11 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით დაავადდა სულ 23 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG