Accessibility links

site logo site logo

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი: ტურიზმს მთავრობისა და ბანკების სრული მხარდაჭერა ექნება


ალექსანდრე ძნელაძე

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, საბანკო სექტორსა და ეროვნულ ბანკს შორის გამართულ შეხვედრაზე ყველა მხარემ გამოხატა იმის მზაობა, რომ ტურიზმის სექტორისთვის მიყენებული ზიანის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა გრძელვადიან რეჟიმში გაგრძელდეს. ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, ახალი კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევები გლობალურად ეკონომიკასა და საბანკო სექტორზე არ აისახება:

„დღეს ადრე იქნება საუბარი იმაზე, რა ეფექტი შეიძლება გვქონდეს. ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც, ეს აისახება კონკრეტულ სეგმენტებზე, თუმცა არ აისახება გლობალურად ეკონომიკაზე და საბანკო სექტორზე. საბანკო სექტორი მზად არის და იხილავს, რა გადაწყვეტილებები იქნება შეთავაზებული. ცალსახად იყო გამოხატული მთავრობის მხრიდან მზაობა, რომ იქნება სრული მხარდაჭერა და შეთანხმებული მოქმედებები“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ, - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანახმად, შეთანხმება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრისა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა.

გადაწყდა, შეიქმნას სამუშაო მექანიზმი, რომელიც უახლოეს დღეებში წარადგენს კონკრეტული ნაბიჯების გეგმას ტურისტული სექტორის დასახმარებლად.

11 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით დაავადდა სულ 23 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG