11 მარტის 12:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ხანძრის ღია კერა შენარჩუნებულია აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სადაც შერეული ტყის ქვედა საფარი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 4 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრების შესახებ განახლებული ინფორმაციის თანახმად, ხანძარი ლიკვიდირებულია:
სამეგრელო - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზღვაიასა და ნაკუფუში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ეწერში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში.
გურია - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაკიჯვარსა და მამათში.
აჭარა - ქობულეთში.
იმერეთი - ხონში, ტყიბულში, კოპიტნარსა და საჩხერეში.
კახეთი - გომბორის უღელტეხილზე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობითვე, ხანძარი ლოკალიზებულია და ღია კერები აღარ არის სამეგრელოში - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში, გურიაში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, რაჭაში - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრიხსა და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგლევში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 4 დღეში საქართველოს მასშტაბით მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი. ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.
დაწერეთ კომენტარი