Accessibility links

site logo site logo

აღმოსავლეთ უკრაინაში წუხელ ორი ჯარისკაცი დაიღუპა


უკრაინის სამხედრო სარდლობის ცნობით, მიღებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც წინა დღით თანამებრძოლებთან ერთად პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ცეცხლის ქვეშ მოყვა დონეცკის რეგიონში მდებარე დასახლებულ პუნქტ პესკებთან.

სამხედრო მანქანაში მყოფი ერთი უკრაინელი ჯარისკაცი ადგილზევე დაიღუპა 10 მარტს, მეორე კი მიღებული ჭრილობების შედეგად მოგვიანებით აღესრულა.

უკრაინული სამხედრო სარდლობის ცნობაში ხაზგასმულია ვითარების მზარდი ესკალაცია აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში, სადაც, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, უკრაინამ 13 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

2014 წლის მარტში დონბასელმა სეპარატისტებმა რუსეთის სამხედრო დახმარებით დაიწყეს შეიარაღებული ამბოხი, რასაც კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით უკრაინამ სამხედრო ძალა დაუპირისპირა. ექვსწლიანი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად აღმოსავლეთ უკრაინაში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებიდან იძულებით ადგილნაცვალ პირთა რაოდენობა 1,5 მილიონს შეადგენს.

რუსეთი უარყოფს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში თავის მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG