Accessibility links

site logo site logo

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა დანარჩენ საქართველოსთან "საზღვარს" კეტავს


ენგურის ხიდი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ შესაბამის ორგანოებს დაავალა, მიიღონ ზომები 14 მარტიდან, მდინარე ენგურზე „სახელმწიფო საზღვრის“ დაკეტვის მიზნით.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, განკარგულებას შეზღუდვის მოქმედების ვადის მითითებით, ბგანბა დღეს, 11 მარტს გამოსცემს. დე ფაქტო ხელისუფლება მიზეზად ასახელებს კორონავირუსის COVID-19 გავრცელების პრევენციას.

ამავე სააგენტოს ცნობით, დღეს ვალერი ბგანბამ სოხუმში გამართა კორონავირუსული ინფექციისგან მოსახლეობის დასაცავად შექმნილი უწყებათაშორისი შტაბის სხდომა. ამ შეხვედრაზე დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ წახნაკიამ თქვა, რომ ვირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის აღებულ სინჯებს კვლევისთვის აგზავნიან რუსეთის ქალაქ სტავროპოლში, 19 მარტს კი აფხაზეთს თავად ექნება ექსპრეს-ტესტები. მისივე ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ 27 თებერვალსაც გამოსცა განკარგულება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 2020 წლის 7 აპრილამდე იზღუდებოდა "აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნების და მოქალაქეობის არმქონე პირების შესვლა, გარდა იმ სახელმწიფოების მოქალაქეებისა, რომლებთანაც აფხაზეთის რესპუბლიკას საერთაშორისო შეთანხმებებით აქვს დადგენილი უვიზო რეჟიმი". იმავე დღეს, დე ფაქტო ხელისუფლებამ მდინარე ენგურთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG