Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით (COVID – 19) ინფიცირების 24-ე შემთხვევა დადასტურდა  


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით (COVID – 19) ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტი დაკავშირებულია იტალიასთან.

„დეტალურად მაქვს ინფორმაცია, ეს პაციენტი, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ ჯერ ვერ გიპასუხებთ. პროცედურა არის ასეთი: როდესაც დასტურდება ინფორმაცია, ის ეძლევა ჯერ საავადმყოფოს და შემდეგ ოჯახს. შემიძლია, იმის თქმა, რომ ეს არ არის მესამეული და მეოთხეული გადაცემა, არ არის შიდა, არამედ - შემოტანილ შემთხვევასთან ასოცირებული“, - განმარტა ამირან გამყრელძემ.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ლუგარის ცენტრში 11 მარტს 39 ნიმუში შემოწმდა და 38 შემთხვევაში გამოკვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა. ამ დროისთვის ნიმუშების შეტანა გრძელდება.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში რჩება 298 ადამიანი, 46 კი - სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა 26 თებერვალს. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG