Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 17 ტესტის შედეგს ელოდებიან


საქართველოში კორონავირუსით COVID-19 დაავადებული რიგით 24-ე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. „ეს არის არა ახალი წყარო. უკვე არსებული ოთხი წყაროდან ერთ-ერთის, იტალიაში მოგზაურთა ჯგუფთან კონტაქტია“, - უთხრა დღეს, 12 მარტს მედიას საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

12 მარტის დილის მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ კორონავირუსით დაავადებულ 21 პაციენტს. კიდევ სამი საჩხერის სამედიცინო ცენტრში იმყოფება.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 11 მარტს, დღის პირველ ნახევარში ჩატარებული ტესტირებით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა 11 ადამიანს. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ისინი თვითიზოლაციის, ან კარანტინის რეჟიმში გადაიყვანეს. ამჟამად კიდევ 17 პირის ტესტირების შედეგებს ელოდებიან. მარინა ეზუგბაიას თქმით, „წინასწარი მონაცემებით თითქმის ყველა ნეგატიური უნდა იყოს“.

12 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსით დაავადების სულ 24 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმშია 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49.

11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის COVID-19 გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019 წლის დეკემბრიდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან და 2020 წლის 12 მარტის დილის მდგომარეობით მოიცვა მსოფლიოს 123 ქვეყანა.

12 მარტის დილის მონაცემებით, მსოფლიოში სულ დაავადდა 126 380 ადამიანი. გარდაიცვალა 4634. გამოჯანმრთელდა 68313.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG