Accessibility links

site logo site logo

თურნავა: ბიზნესის სტიმულირების ერთიანი გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ, მხოლოდ ტურიზმს არ მოიცავს


ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

დღეს, 12 მარტს, დღის ბოლომდე შემუშავდება ბიზნესის სტიმულირების ერთიანი კომპლექსური გეგმა. ამის შესახებ საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა დავალება პრემიერ-მინისტრისგან მიიღო.

„გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და დღის ბოლომდე მას დავხვეწთ. ყველაფერი დაიწყო ტურიზმის ინდუსტრიის წახალისების ღონისძიებებზე მუშაობით, მაგრამ, კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევიდან გამომდინარე, მზად ვართ, უფრო კომპლექსური გეგმა შევთავაზოთ ეკონომიკას და ბიზნესს. გეგმა არ მოიცავს მხოლოდ ტურიზმს, არამედ შეეხება ზოგადად ბიზნესის სტიმულირებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით, ბიზნესის სტიმულირების სამოქმედო გეგმა საჯარო რამდენიმე დღეში გახდება. მისი თქმით, გეგმაში ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი ტურიზმის ინდუსტრიას შეეხება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობა 12 მარტიდან მუშაობის საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში გადავიდა.

ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით საქართველოში 24 ადამიანია დაინფიცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG