Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსის პანდემიის გამო ტრამპი 30 დღით აჩერებს ევროპიდან „ყველა სახის მგზავრობას“


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სატელევიზო მიმართვის დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის გლობალური პანდემიის შეჩერების მიზნით, 13 მარტიდან 30 დღით შეწყდება „ყველა სახის მგზავრობა“ ევროპიდან.

11 მარტს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართვის დროს ტრამპმა აღნიშნა, რომ აკრძალვა არ გავრცელდება ბრიტანეთზე და ასევე არ შეეხება ამერიკელ მოქალაქეებსა და „მწვანე ბარათის“, ანუ ბინადრობის უფლების მქონე პირებს, რომლებიც ევროპიდან ბრუნდებიან.

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ რომელ ქვეყნებზე ვრცელდება შეზღუდვა, მაგრამ მოგვიანებით თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ საუბარია შენგენის ზონაში შემავალ ევროპის 26 ქვეყანაზე.

"შეიზღუდება და შეჩერდება აშშ-ში ყველა იმიგრანტისა, თუ არაიმიგრანტის და ყველა უცხოელის შემოსვლა, რომლებიც აშშ-ში გამგზავრების გადაწყვეტილებამდე შენგენის ზონაში იმყოფებოდნენ 14 დღის განმავლობაში“, - აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დონალდ ტრამპის ოფიციალურ განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად ევროპის ქვეყნებში ასე ფართოდ იმიტომ გავრცელდა COVID-19 ის ვირუსი, რომ მათმა ხელისუფლებებმა არ გადადგეს ის ნაბიჯი, რაც მან გადადგა, როდესაც აკრძალა ჩინეთთან მიმოსვლა.

ამერიკის ეკონომიკაზე კორონავრიუსის მავნე გავლენის შემცირების მიზნით დონალდ ტრამპმა გამოაცხადა რამდენიმე ფინანსური ინიციატივა, მათ შორისაა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის გადასახდის გადახდის გადავადება.

ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ევროკავშირი მოგვიანებით გააკეთებს თავის შეფასებას. ამის შესახებ ტვიტერში დაწერა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და დასძინა, რომ „თავიდან უნდა იქნას აცილებული ეკონომიკური რყევები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG