Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა დაგმო აშშ-ის მიერ ევროპიდან ამერიკაში მოგზაურობის შეზღუდვა


ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც დაგმეს აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპიდან ამერიკაში მოგზაურობაზე აკრძალვის დაწესების შესახებ.

„კორონავირუსი გლობალური კრიზისია, არ შემოიფარგლება რომელიმე კონტინენტით და ის თანამშრომლობას უფრო საჭიროებს, ვიდრე ცალმხრივ მოქმედებას.

ევროპის კავშირი გმობს იმ ფაქტს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება მოგზაურობის აკრძალვაზე მიღებულ იქნა ცალმხრივად და კონსულტაციების გარეშე.

ევროპის კავშირი გადამწყვეტ ზომებს იღებს ვირუსის გავრცელების შესაზღუდად,“ ნათქვამია განცხადებაში.

კორონავირუსის COVID-19 გავრცელების შესაჩერებლად 30 დღით აიკრძალება ევროპიდან აშშ-ში ჩასვლა.

გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, 13 მარტიდან ამოქმედდება და არ შეეხება მხოლოდ დიდ ბრიტანეთს და ევროპაში მყოფ ამერიკელებს, რომლებმაც შესაბამისი გამოკვლევა ჩაიტარეს.

11 მარტს, მოქალაქეებისადმი მიმართვისას ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთში ეპიდაფეთქების საპასუხოდ, აშშ-ის ხელისუფლებამ ეფექტურად იმოქმედა, ევროკავშირმა კი ვერ შეძლო პრევენციული ზომების მიღება და ჩინეთიდან და სხვა სარისკო ზონებიდან მიმოსვლის შეზღუდვა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში ახალი სახეობის ვირუსით დაავადების შემთხვევების უმრავლესობა ევროპაში მოგზაურობას უკავშირდება.

აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით, ქვეყანაში ჩასვლა ეკრძალებათ უცხოელებს, რომლებიც აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტამდე 14 დღის განმავლობაში ევროპის სახელმწიფოებში იმყოფებოდნენ.

12 მარტის დილის მონაცემებით, აშშ-ში დაავადდა სულ 1329 ადამიანი. მათგან 28 ახალი შემთხვევაა. გარდაცვლილია 38. გამოჯანმრთელდა 15.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG