Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა გუკა რჩეულიშვილზე


თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და გუკა რჩეულიშვილის მეუღლის ლელა კილაძის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, - იტყობინება პროკურატურა „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთ დამფუძნებელის შესახებ.

პროკურატურის განცხადებით, ვინაიდან გუკა რჩეულიშვილი არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და თავს არიდებს გამოძიებას, პროკურორის დადგენილებით მასზე გამოცხადდა ძებნა.

გამოძიების ცნობით, გუკა რჩეულიშვილს 2020 წლის 25 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერით 30 დღით აეკრძალა მეუღლესთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია. მიუხედავად ამისა, როგორც პროკურატურაა აცხადებს, 2020 წლის 8 მარტს ღამის საათებში ლელა კილაძეს ადგილსამყოფელის დადგენისა და შეხვედრის ორგანიზების მიზნით, მოკლეტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დაბარებულმა გუკა რჩეულიშვილმა 11 მარტს პოლიციის განყოფილებაში მოთეთრო ფერის ქაღალდში შეხვეული, ასევე თეთრი ფერის ფხვიერი მასა წარადგინა, რომელიც მისი განმარტებით იყო ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და რომლის ნაწილიც მან მოიხმარა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით (260-ე მუხლის პირველი ნაწილით) დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რჩეულიშვილისგან წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ნივთიერება ამოიღეს, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთჯერადი მოხმარების ე.წ. „ინსულინის“ შპრიცი მასში არსებული მოთეთრო ლაქით. ამოღებულ ნივთებზე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა.

გ.რ.-ს ნარკოლოგიური კვლევის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების - „კოკაინის“, „ტეტრაჰიდროკანაბინიოლისა“ და „ტრამადოლის“ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG