Accessibility links

ორი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის პასუხად კოალიციამ იერიში მიიტანა პროირანულ დაჯგუფებაზე


სირიის სასაზღვრო ქალაქი ალბუ კამალი

აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიციის მიერ განხორციელებული საავიაციო იერიშის შედეგად ერაყის გასამხედროებული ჯგუფის სულ მცირე 26 წევრი დაიღუპა ერაყის აღმოსავლეთ სირიაში, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ორი ამერიკელი ჯარისკაცი და ერთი ბრიტანელი სამოქალაქო კონტრაქტორი ემსხვერპლა სარაკეტო თავდასხმას ბაღდადიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარე ტაჯის სამხედრო ბაზაზე.

აღნიშნულ ბაზაზე განლაგებულია ერთ-ერთი ამერიკული ქვედანაყოფი.

კოალიციური სარდლობის ცნობით, სარაკეტო ცეცხლი წარმოებდა რუსული წარმოების დანადგარ „კატიუშადან“, რომელიც თავდამსხმელებს დამონტაჟებული ჰქონდათ სატვირთო მანქანზე.

ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, კოალიციის მიერ 12 მარტს განხორციელებული საპასუხო საავიაციო იერიშის სამიზნე აღმოჩნდა ერაყის საზღვარზე მდებარე სირიის ქალაქი ალბუ კამალი. თუმცა, კოალიციის სარდლობას ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობაში კი ნათქვამია, რომ ამოუცნობმა მფრინავმა აპარატებმა მხოლოდ მცირედი დაზიანება მიაყენეს ქალაქ ალბუ კამალს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა ერაყის სამხედრო ბაზის დაბომბვის კომენტირებისას აღნიშნეს, „რომ დამნაშავეები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას.“

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, ამერიკელმა გენერალმა, კენეტ მაკენიზიმ სენატში მიმდინარე მოსმენაზე განაცხადა, რომ თავდასხმის გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

ერაყის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშისა და ორი ამერიკელი ჯარისკაცისა და ერთი ბრიტანელის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG