Accessibility links

logo-print logo-print

„პანიკაზე უარი არ ნიშნავს უარის თქმას სიფხიზლეზე“ - სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის გავრცელების პანდემიად გამოცხადების შემდეგ მიმართვას აქვეყნებს.

„ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო, ცხოვრების სრულიად განსხვავებულ რეჟიმზეა გადასული. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოცხადდა. ეს, ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ ვითარება სერიოზულია. მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პანდემია გულისხმობს საფრთხის არა გარკვეულ საფეხურს, არამედ მიუთითებს დაავადების გეოგრაფიულ გავრცელებაზე, ანუ ყველა კონტინენტზე გავრცელებაზე“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფო და, კერძოდ, ჯანდაცვის სისტემა ყველა ზომას იყენებს გავრცელებული დაავადების შესაკავებლად.

„შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურები საზღვრებზე ზედამხედველობას ეფექტიანად ახორციელებენ. ამის შედეგია, რომ დაავადებამ ამ დრომდე არ მიიღო გავრცელების უფრო მძაფრი ფორმა“, - ნათქვამია მიმართვაში.

როგორც პრეზიდენტი მიუთითებს, „პანიკაზე უარი არ ნიშნავს უარის თქმას სიფხიზლეზე, სიფრთხილესა და რეკომენდაციების გათვალისწინებაზე“.
სალომე ზურაბიშვილის აზრით, მოქალაქეობრივი შეგნებითა და ქცევის წესებით დადასტურდება პატრიოტიზმი და დამოკიდებულენა სამშობლოს მიმართ.

„ეპიდემიასთან გამკლავება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაიზარდოს ქსენოფობიაში ან აგრესიის რაიმე სხვა ფორმაში“, - დასძენს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსების როლზეც საუბრობს: „იმ პირობებში, როცა სახელმწიფო მთელ ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში პანდემიის შესაკავებლად, პოლიტიკური ძალები, ზუსტად ისე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდნენ. ამ დაავადებასთან და მის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი და ეს ერთიანობა განაპირობებს ხვალინდელ გამარჯვებას“.

სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთზე.

„ამ რეალობაში არ შეიძლება, დავივიწყოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისედაც ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობენ და ამ გამოწვევის წინაშე უფრო მეტად დაუცველნი აღმოჩნდნენ. დაბოლოს, სიფრთხილე და არა შიში!“ - ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევა არის დადასტურებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG