Accessibility links

logo-print logo-print

გარდაიცვალა მწერალი გივი მარგველაშვილი


93 წლის ასაკში გარდაიცვალა გივი მარგველაშვილი - ქართული წარმოშობის გერმანულენოვანი მწერალი.

გივი მარგველაშვილი დაიბადა 1927 წელს ბერლინში, ფილოსოფოს ტიტე მარგველაშვილის ოჯახში.

მომავალი მწერლის მამა იყო გერმანიაში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე.

გივი მარგველაშვილი ოთხი წლის იყო, როცა დედა დაეღუპა და მას მერე გერმანელი ძიძები ზრდიდნენ. გერმანული იქცა მის მშობლიურ ენად.


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ბერლინი გაიყო, მარგველაშვილები ქალაქის დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდნენ, მაგრამ არცთუ დიდი ხნით. 1946 წლის თებერვალში ტიტე მარგველაშვილი ბერიას ბრძანებით გადაიტყუეს საბჭოთა საოკუპაციო ზონაში და დააპატიმრეს. მას თან ახლდა თავისი 18 წლის ვაჟიც. მამა მალევე დახვრიტეს, გივი კი ჯერ საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკ ზაქსენჰაუზენში მოათავსეს, ერთი წლის შემდეგ კი, მამამისის მშობლიური საქართველოს გზას გაუყენეს.

მწერლის 85 წლის იუბილეზე გერმანისტმა ალექსანდრე კარტოზიამ, რომელიც გივი მარგველაშვილის შემოქმედების მკვლევარია, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბიოგრაფიამ განაპირობა მარგველაშვილის ლიტერატურა:

„უფრო მეტიც, განაპირობა საერთოდ ის, რომ გივი მარგველაშვილი გახდა მწერალი და უფრო მეტიც - ის, რომ მისი ცხოვრება გახდა ლიტერატურა. ერთი პოეტის სიტყვებით რომ ვთქვათ, გივი მარგველაშვილისთვის ‘ცხოვრება იქცა იმ ადგილად, სადაც ცხოვრება არ შეიძლება‘. ამიტომ უნდა გამოინახოს რაღაც სხვა ადგილი, სხვა სივრცე, სადაც ამ ადამიანს შეუძლია იცოცხლოს, შეუძლია ისუნთქოს. აი, ასეთი ადგილი გახდა მარგველაშვილისთვის ლიტერატურა“.

გივი მარგველაშვილმა მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს შეძლო ბერლინში დაბრუნება.

1991-1992 წლებში გერმანიაში გამოქვეეყნდა გ. მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანი ვაკუშის“, 2 ტომი (1-ლი ტომი თარგმნილია ქართულად კარლო ჯორჯანელის მიერ), აგრეთვე რომანები „მუცალი“ (ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ), „დიდი კორექტურა“, პროზაული კრებულები „გადაუგდებელი ხელთათმანი“, და „სიცოცხლე ონტოტექსტში“.

2006 წელს გივი მარგველაშვილი დაჯილდოვდა გერმანიის გოეთეს მედლით.

2011 წლიდან მწერალი კვლავ თბილისში ცხოვრობდა, იყო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG