Accessibility links

თბილისის ინფექციურში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან პნევმონია 7-ს აქვს


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, ახალი კორონავირუსით დაავადებული იმ 22 პაციენტიდან, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, პნევმონია აქვს 7-ს. მათგან, მარინა ეზუგბაიას თქმით, ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა რამდენიმე დღეა სტაბილურია და არ პროგრესირებს:

„შეიძლება ითქვას, რომ თუ პროგრესირება შეჩერდა და დასტაბილურდა, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა და არა როგორც მძიმე. მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მიუხედავად მკურნალობისა, პაციენტების დაავადება შეიძლება, პროგრესირდეს. ეს არის დაავადების ხასიათი. დაახლოებით, ინფიცირების პირველი დღიდან 13 დღემდე შეიძლება მოხდეს პროგრესირება. თუ გადავლახეთ ეს 13 დღე და პაციენტის მდგომარეობა იქნება სტაბილური, ეს მიმანიშნებელია, რომ თანდათანობით დაიწყება გაუმჯობესება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, დამაკმაყოფილებელია ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდის მდგომარეობა და მას განსაკუთრებული ჩივილები არ აღენიშნება.

ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ იგეგმება რომელიმე პაციენტის საავადმყოფოდან გაწერა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ დაავადების დადასტურებიდან მე-16 დღეს ერთ-ერთ პაციენტზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსის კონცენტრაცია შემცირებულია, თუმცა მაინც რჩება:

მე-16 დღეზე ჩატარებული ტესტირებით სუსტად დადებითია შედეგი, რაც ნიშნავს, რომ მართალია ვირუსის კონცენტრაცია შემცირდა, მაგრამ მაინც არის კონცენტრაცია, ამიტომ მაინც ჯერჯერობით დადებითად ითვლება, ამიტომ საჭიროა გაგრძელდეს მისი მეთვალყურეობა და აღებიდან მაქსიმუმ 4 დღეში უნდა გადაკონტროლდეს კიდევ ერთხელ“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

13 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 25 შემთხვევა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 ადამიანი. პრევენციის მიზნით შექმნილ სამთავრობო ვებსაიტზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 58. თვითიზოლაციაშია რამდენიმე ასეული მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG