Accessibility links

ახალი ამბები

მეშახტეების მიმართვა: სამუშაო ადგილამდე მისვლა სავენტილაციო გვირაბით გვიწევს

ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფმა გაცდენილი დღეების ანაზღაურების მოთხოვნით ვიდეომიმართვა გაავრცელა. ისინი ჰყვებიან შახტში შექმნილი მძიმე სამუშაო პირობების შესახებ.

სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:

„ჩვენ, ტყიბულელი მეშახტეები, მოვითხოვთ გაცდენილი დღეების ანაზღაურებას. ჩვენ შახტში მუშაობაზე უარი ვთქვით იმ მიზეზით, რომ იქ შრომის პირობები შეუსაბამოა ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან. ეს აჩვენა რამდენიმე დღის წინ მომხდარმა შემთხვევამ, როდესაც ხუთი ჩვენგანი მხუთავი აირით მოიწამლა. ადმინისტრაციამ მოწამლულები საავადმყოფოში გადაიყვანა არა სასწრაფოს მანქანებით, არამედ თავიანთი პირადი ავტომობილებით იმისთვის, რომ ეს შემთხვევა დაემალათ.

თებერვლის დასაწყისში ტყიბულის ორი შახტიდან ერთი – ძიძიგურის სახელობის შახტი ადმინისტრაციამ რემონტის საბაბით გააჩერა. ამის შემდეგ მეშახტეებს სამუშაო ადგილამდე მისვლა სავენტილაციო გვირაბის გავლით გვიწევს. სავენტილაციო გვირაბი გადასაადგილებლად სახიფათო სივრცეა, რადგან ის ახდენს მთელი შახტის მხუთავი აირების გამოდევნას. ჩვენ ყოველდღიურად 4 კილომეტრის ფეხით გავლა გვიწევს ამ სახიფათო გარემოში. გარდა ამისა, ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ე.წ დაგაზიანება, მოწამვლა და ტრაგიკული შემთხვევები.

დამსაქმებელი გვეუბნება, რომ შემდეგ თვეში დავუბრუნდებით მუშაობის ჩვეულ რეჟიმს. კარგად ვიცით, რომ შახტში დაგვხვდება ისევ ის ჯოჯოხეთური პირობები, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ანგრევს და სიცოცხლის მოსპობით გვემუქრება.

შახტში ვბრუნდებით იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, დავკარგავთ იმ მცირე შემოსავალსაც კი, რომელსაც ჩვენი მძიმე შრომის ფასად მოვიპოვებთ. ჩვენი ოჯახები დარჩებიან მშიერი. ჩვენ სახელმწიფომ მიგვატოვა. 2018 წელს ჩვენი მეგობრების დაღუპვის შემდეგ სახელმწიფო დაგვპირდა, რომ უზრუნველყოფდა შრომის პირობების გამოსწორებას, თუმცა შახტში არაფერი იცვლება.

შარშან შახტის გაჩერებამ იმედი გაგვიჩინა, თუმცა წელს ისევ იქ დავბრუნდით, სადაც მანამდე ვიყავით. რატომ გვაიძულეს სამუშაოების განახლება, თუ პრობლემები არ მოგვარებულა? ჩვენ ვიცით, არსებობს სახელმწიფოს დაკვეთით მომზადებული საერთაშორისო დასკვნა (რომელიც არც კი გაგვაცნეს) კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც მეშახტეები წლების განმავლობაში ვიმეორებთ. ის ადასტურებს შახტში არსებულ უმძიმეს სამუშაო პირობებს. რატომ ჩატარდა აუდიტი, თუ მისი დასკვნები არავის აინტერესებს? ვინაა პასუხისმგებელი ჩვენს უსაფრთხოებაზე? რა გველის ჩვენ და რა ელის ტყიბულს? – ჩვენ ვითხოვთ პასუხებს”, – აცხადებენ მეშახტეები.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრი იტყობინება, რომ 10 მარტს, ქალაქ ტყიბულში, ძიძიგურისა და მინდელის შახტების დამაკავშირებელ სავენტილაციო გვირაბში დაგროვილი მხუთავი აირებისგან მოიწამლა 3 მეშახტე,

ყველა ახალი ამბავი

COVID-19-ით დაავადდა მოსკოვის ეპარქიის კიდევ რამდენიმე მღვდელი

მოსკოვის ეპარქიაში კორონავირუსი COVID-19 დაუდასტურდა კიდევ 5 სასულიერო პირს.

კორონავირუსული ინფექციის გავრცელების გამო, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქთან მოქმედი სამუშაო ჯგუფის ცნობით, 9 აპრილის მდგომარეობით კორონავირუსი დადგენილი აქვს მოსკოვის ეპარქიის სულ 8 მღვდელს. ამავე ჯგუფმა 5 აპრილს დაადასტურა სამი სასულიერო პირის დაინფიცირება.

სამუშაო ჯგუფი ასახელებს მოსკოვის იმ ტაძრებს, სადაც COVID-19-ის შემთხვევები დაფიქსირდა და მრევლს მიმართავს, სიფრთხილე გამოიჩინონ და თვითიზოლაციაში იყვნენ.

რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 10 000-ზე მეტი ადამიანი, მათგან 76 გარდაიცვალა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

ჰოსპიტალი, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი COVID-19 აქვს, რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან საერთო თერაპიის პალატაში გადაიყვანეს.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრს შესანიშნავი განწყობა აქვს, გამოჯანმრთელების ადრეულ სტადიაშია და ექიმები მის მდგომარეობაზე დაკვირვებას განაგრძობენ.

55 წლის ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინეს და პირველი ათი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ხველების და ტემპერატურის მომატების გამო, 5 აპრილს ჯონსონი სენ-ტომასის კლინიკაში გადაიყვანეს.

პრემიერ-მინისტრის ავადმყოფობის გამო, მთავრობის მეთაურის მოვალეობას დროებით ასრულებს საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი.

დიდ ბრიტანეთში, COVID-19-ით უკვე დაავადდა 65 000 მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 8 000-ს უახლოვდება. 8 აპრილთან შედარებით, 9 აპრილს მცირედით იკლო ინფიცირების და გარდაცვალების ახალი შემთხვევების რიცხვმა.

საქართველოს მოქალაქეები აშშ-დან და კვიპროსიდან ბრუნდებიან

დღეს, 10 აპრილს ვაშინგტონიდან დოჰაში თვითმფრინავით ჩაიყვანენ 79 ქართველ მოზარდს, რომლებიც დოჰადან თბილისში სპეცრეისით დაბრუნდებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აშშ-დან ქართველი მოსწავლეების ორგანიზებულად დასაბრუნებლად აქტიური მუშაობა 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ის საელჩოს საქართველოში და პირადად ელჩს, კელი დეგნანს.

ვაშინგტონიდან-დოჰამდე მოზარდების მგზავრობა აშშ-მა დააფინანსა, დოჰადან თბილისში კი - საქართველოს მთავრობამ. 9 აპრილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ სომხეთის თხოვნით, ამავე რეისით აშშ-დან ჩამოიყვანენ სომხეთის მოქალაქე 35 მოზარდსაც.

10 აპრილს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან კვიპროსიდანაც. თბილისი-ლარნაკა-თბილისის რეისს ავიაკომპანია „Georgian Airways“-ი შეასრულებს.

კორონავირუს COVID-19-თან საბრძოლველად მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად დანიშნული მომდევნო ავიარეისებია:

12 აპრილი - თბილისი-ბერლინი-თბილისი;

14 აპრილი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;

16 აპრილი - თბილისი-პარიზი-თბილისი;

18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი;

21 აპრილი - თბილისი-რომი-თბილისი;

24 აპრილი - თბილისი-ბარსელონა-თბილისი;

27 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი.

ავიაკომპანია „Georgian Airways“-მა ბილეთების ონლაინ გაყიდვა უნდა დაიწყოს რეისამდე ორი დღით ადრე და ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მოქალაქეების დაბრუნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესებით ხორციელდება და თვითმფრინავში მგზავრების განლაგება ხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.

სამშობლოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნდა 5000-მდე მოქალაქე.

COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას სამგზავრო გადაყვანისთვის დაკეტილი აქვს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები.

ტიკარაძე სასულიერო პირებისთვის სწრაფი ტესტის ჩატარების მიზეზს განმარტავს

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პირველი არხის“ ეთერში ილაპარაკა COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმის შესახებ, რომლის თანახმად, სასულიერო პირებს სწრაფი ტესტით ანტისხეულებზე სკრინინგი ჩაუტარდებათ.

„საქართველოში გვაქვს ტუბერკულოზის პროგრამის ძალიან კარგი პრაქტიკა და როცა ამ პროგრამას ვახორციელებდით, რომელიც ძალიან წარმატებით შესრულდა, იქ შეტანილი იყო სასულიერო პირთა და მონასტრების კვლევაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან გარკვეულწილად, ეს დაწესებულებებიც ითვლება მოწყვლად ჯგუფებად. სწორედ აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოების დაცვა და გაფართოებულ ალგორითმში სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით იქნა შეტანილი ამ პირების კვლევაც“, – თქვა ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, დღესდღეობით, საქართველო არ იმყოფება გავრცელების იმ ფაზაზე, რომ მოქალაქეებს ანტისხეულებზე სწრაფი ტესტი ჩაუტარონ.

„ჩვენი ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობაში ჯერ არ არის გავრცელების ის კოეფიციენტი, სადაც შეიძლება, გადატანილი ინფექციები ვეძებოთ. აქედან გამომდინარე, ჯერ ალგორითმის გაფართოება ამ კუთხით არ იგეგმება. თუმცა, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას და ჩვენ განვიხილავთ იმასაც, რომ შეიძლება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ტესტირება ყველა უსიმპტომოსაც ჩავუტაროთ“, – თქვა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე უსიმპტომო მოქალაქეებს ტესტირება ეპიდემიოლოგების და პირველი ჯანდაცვის რგოლის მხრიდან მიტანილი ეჭვის საფუძველზე ჩაუტარდებათ.

ორგანიზაციული ჯგუფები და თავშეყრის ადგილები, რომლებზეც სწრაფი ტესტებით ანტისხეულებზე სკრინინგი ვრცელდება, ასეთია:

  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;
  • ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები;
  • თავდაცვის ძალები;
  • სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებები;
  • სასულიერო პირები, მონასტრები და სხვ.

პაატა იმნაძე: ასეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლების განმავლობაში

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საქართველოში დამზადებული პირბადეების საკითხზე რადიო თავისუფლებას მოკლე ტექსტური შეტყობინებით უპასუხა.

„ეგეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები. ერთჯერადები საერთოდ არ არსებობდა. აშშ-ის CDC-ის რეკომენდაციებიც წაიკითხონ“, - წერს პაატა იმნაძე.საქართველოს სააფთიაქო ქსელებში გამოჩნდა ადგილობრივი წარმოების პირბადე.

საქართველოში წარმოებული პირბადე
საქართველოში წარმოებული პირბადე

საქართველოში წარმოებული პირბადის შესახებ არაერთი ადამიანი გამოთქვამს უარყოფით პოზიციას, მათ შორის, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ეკონომიკისსა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით დაიქყო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში რამდენიმე სამკერვალო პირბადეებს კერავს. „ეს პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში", - ამბობდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

9 აპრილს, 22:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 218 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 51 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია სამი ადამიანი.

საქართველოში პირბადეების დეფიციტი მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად გაჩნდა.

სამი ბლოკ-საგუშაგო ამოქმედდება 10 აპრილიდან ლენტეხსა და ცაგერში

ლენტეხისა და ცაგერის რაიონში ბლოკ-პოსტებისთვის ადგილები უკვე შერჩეულია. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ბლოკ-საგუშაგოები მოეწყობა. ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კონკრეტული ადგილები დაასახელა: ე.წ. გელავერის უღელტეხილი, მურის ციხეების მიმდებარე ტერიტორია და სოფელი ალპანა. ბლოკ-საგუშაგოები 10 აპრილს, 06:00 საათის შემდეგ ამოქმედდება.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლის ექიმები თერმოსკრინინგს აწარმოებენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში, სადაც ინფიცირებული მამაკაცი სტუმრად იმყოფებოდა. დაწყებულია კონტაქტების მოძიება და იდენტიფიცირებულია 56 წლის ინფიცირებულ მამაკაცთან ახლო კონტაქტში მყოფი 35 პირი. ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია.

9 აპრილს, 22:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 218 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 51 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია სამი ადამიანი.

უნგრეთში განუსაზღვრელი ვადით გრძელდება მკაცრი საკარანტინო ზომები

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი

9 აპრილს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გამოაცხადა, რომ განუსაზღვრელი ვადით გრძელდება ქვეყნის მასშტაბით მოქმედი მკაცრი საკარანტინო ზომები.

უნგრეთში ოფიციალურად აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 980 დადასტურებული შემთხვევა და 66 გარდაცვალება, თუმცა მთავრობამ აღიარა, რომ რეალური რაოდენობა ალბათ ბევრად მეტია.

ქვეყნის მასშტაბით დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებითაც აკრძალულია გადაადგილება გარდა სამსახურში, მაღაზიებსა და აფთიაქში სიარულისა, 11 აპრილს გასდიოდა ვადა.

„შეზღუდვებს კვირაში ერთხელ გადავხედავთ,“ აღნიშნა ორბანმა.

ორბანმა მოქალაქეებს მოუწოდა, დაემორჩილონ აკრძალვას აღდგომის სადღესასწაულო დღეებში - არ შეიკრიბონ ჯგუფებად და საჯარო სივრცეში დაიცვან სოციალური დისტანციის წესები.

ორბანმა ასევე ქალაქების მერებს უფლება მიანიჭა, „საკუთარ თემებში უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღონ.“

გასულ კვირაში უნგრეთის პარლამენტმა მოიწონა კანონი, რომელიც მემარჯვენე პოპულისტ ორბანს ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებს. ორბანის თქმით, ეს უფლებამოსილებები აუცილებელია პანდემიასთან საბრძოლველად, მაგრამ კრიტიკოსები ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ აცხადებენ, რომ ეს უბრალოდ ძალაუფლების უზურპაციაა.

აჭარაში კორონავირუსი კარანტინში მყოფ დედა-შვილს დაუდასტურდა

„ორი ახალი შემთხვევა დაგვემატა და ორივე იმპორტირებულია“, - თქვა აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. მისი ინფორმაციით, 40 წლამდე დედას და 10 წლამდე ბავშვს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. მათ 4 აპრილს გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი.

„იმ დროს არანაირი კლინიკური ნიშნები არ ჰქონიათ. შესაბამისად, განთავსებულi იყვნენ საკარანტინო სივრცეში. 9 აპრილს მათ ტემერატურის მატება აღენიშნათ და ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. აუღეს ბიოლოგიური მასალა და PCR კვლევით დადასტურდა COVID -19. ამჟამად „მედ-ალფას“ კლინიკაში მკურნალობენ. ცხელების გარდა სხვა კლინიკური ნიშანი ამ ეტაპზე არ აქვთ“, - თქვა მიქელაძემ.

აჭარის სასტუმროებში კარანტინში სულ 2000-მდე ადამიანი იმყოფება. როგორც მინისტრი ამბობს, ყოველდღიურად თურქეთიდან 100-150 მოქალაქე ბრუნდება და ისინი პირდაპირ საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ. ამასთან, აჭარაში უკვე სამი ცხელების ცენტრი მუშაობს. რეგიონის კლინიკებში COVID -19-ით ინფიცირებული 16 მოქალაქე მკურნალობს. მათგან ერთი არის დამძიმებული ანამნეზით, რომელიც მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა, ზაალ მიქელაძის თქმით, მისი მდგომარება სტაბილურია.

9 აპრილს, 22:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 218 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 51 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია სამი ადამიანი.

ეზუგბაია: ალბათ თქვენი [ჟურნალისტების] დატესტვაც შეიძლება გახდეს საჭირო

COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმის თანახმად, მონასტრებში სწრაფი ტესტით ანტისხეულებზე სკრინინგის საკითხზე დასმულ შეკითხვას, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ასე უპასუხა: „ალბათ თქვენი [ჟურნალისტების] დატესტვაც შეიძლება იყოს საჭირო. როგორც ლაპარაკია, ასეთი შეკრებები მიუღებელია. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს დატესტვა აუცილებელია, მათ შორის იმ პირებისაც, რომლებიც 3-10 კაცზე მეტს წარმოადგენენ. ასეთი სახის ტესტირების საჭიროებას აფასებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი“.

COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმის თანახმად, სწრაფი ტესტით ანტისხეულებზე სკრინინგი ჩაუტარდებათ ორგანიზებულ ჯგუფებსა და თავშეყრის ადგილებში მყოფ პირებს. თავშეყრის ადგილების ჩამონათვალი, სადაც სკრინინგი უნდა ჩატარდეს, დასახელებულია: მონასტრები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები და სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებები.

IMF: მსოფლიო „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის წინაშეა

კორონავირუსის გლობალური პანდემია გამოიწვევს 1929-1933 წლების "დიდი დეპრესიის" შემდეგ ყველაზე დიდ ეკონომიკურ კრიზისს და საჭირო იქნება ფართო მასშტაბის ჩარევა ეკონომიკის კვლავ აღსადგენად, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 9 აპრილს.

IMF-ის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ „2020 წელს მკვეთრად გაუარესდება გლობალური ზრდა“: IMF-ის 180 წევრიდან 170-ში შეინიშნება ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის კლება.

„ფაქტობრივად, 'დიდი დეპრესიის' შემდეგ ყველაზე უარესი ეკონომიკური შედეგების მომსწრე ვართ“, განაცხადა გეორგიევამ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრის წინ. შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება ონლაინ რეჟიმში.

გეორგიევას თქმით, პანდემიის ხანგრძლივობისა და პერსპექტივის შესახებ „უზარმაზარი გაურკვევლობა“ სუფევს და ვითარება შეიძლება გაუარესდეს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომავალ წელს ეკონომიკის მხოლოდ „ნაწილობრივ გაჯანსაღებას“ ვარაუდობს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვირუსი მიმდინარე წელსვე გაქრება და საშუალება გაჩნდება, განახლდეს ნორმალური ბიზნესი მას შემდეგ, რაც გაუქმდება მკაცრი საკარანტინო ზომები.

ეზუგბაია: ახლად დადასტურებული ოთხივე შემთხვევა უცხოეთიდან არის შემოტანილი

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-დან 218-მდე გაიზარდა. როგორც ექიმი ამბობს, ყველა მათგანის დასნებოვნების წყარო ცნობილია: „უცხოეთიდან არის შემოტანილი“. ახლად დადასტურებული შემთხვევებიდან ორი პაციენტი არის ბათუმში, ხოლო ორი ინფექციურ საავადმყოფოში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 34 ინფიცირებული იმყოფება. როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს, მათ შორის შვიდ პაციენტს აღენიშნება მძიმე პნევმონია. ორ შემთხვევაში დაავადება ჯერ გარკვეულწილად პროგრესირებს. „ჯერ სტაბილიზირება ვერ იქნა მიღწეული“, -აზუსტებს ეზუგბაია და დასძენს, - „დანარჩენი ხუთი პაციენტის შემთხვევაში მიღებულია სტაბილიზაცია. აქედან გამომდინარე დაიწყება გამოჯანმრთელება“.

ინფექციური საავადმყოფოდან სულ 37 პაციენტი არის გამოჯანმრთელებული.

9 აპრილს დილით ინფექციური საავადმყოფოდან ტესტირებული იყო ათი პაციენტი და მათი გამოკვლევების პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.

საქართველოში COVID-19-ის 4 ახალი შემთხვევაა

საქართველოში 9 აპრილის დილიდან - 214-დან 218-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვი. მათგან გამოჯანმრთელებულია 50. გარდაიცვალა 3.

სამთავრობო ვებსაიტზე 9 აპრილის 19:30 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4722 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 408.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

სალომე ზურაბიშვილი: ამ წელს ვერ მივალ აღდგომის წირვაზე

საქართველოს პრეოზდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ წელს პირველად ვერ მივა აღდგომის ღამით ეკლესიაში, ვინაიდან პრეზიდენტი უნდა იყოს კანონმორჩილი და სამაგალითო ამ თვალსაზრისით.

ვიდეომიმარვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან ვნების კვირეულს რომელიმე ლოტურგიაზე. ეს იყო ჩვენი ოჯახის ტრადიცია. ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება. თუმცა, სხვა ვითარებაა ამ წელს. ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისი სიტყვებით, დარწმუნებულია, რომ ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ილოცებენ და„ის იქნება ჩვენი, ასევე ჩვენი რწმენის გამარჯვება“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოში 21 მარტიდან, მას შემდეგ რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აიკრძალა 10 კაცზე მეტის ერთ სივრცეში შეკრება. მოგვიანებით კი შეიზღუდა 3 კაცზე მეტის ერთად შეკრება. ამ შემთხვევაშიც კი მოქალაქეებმა 2 მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. წესების დარღვევის შემთხვევაში პოლიცია მოქალაქეს 3 ათასი ლარით დააჯარიმებს.

შემოღებული აკრძალვების მიუხედავად, ეკლესიაში არ შეწყვეტილა წირვა. ერთ ჭერქვეშ ან ერთ ეზოში რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბება. ამ დრომდე არაა ცნობილი დააჯარიმა თუ არა პოლიციამ ვინმე საეკლესიო რიტუალზე ყოფნის დროს.

სალომე ზურაბიშვილი: 9 აპრილი გაგვითენდა კარანტინის ვითარებაში

„დღეს 9 აპრილი გაგვითენდა სულ სხვა, საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენის, კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება ამ 9 აპრილს ხვდება სხვა განწყობით“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამო ის დღე ვერ მივიდა 9 აპრილის მემორიალთან მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი.

„ბევრი ვერ მივიდა მემორიალთან , მე არ მივსულვარ მემორიალთან. რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა -ეს არ ნიშნავს, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით , ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება, ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი. შეიძლება სახლში კიდევ უფრო გავიაზროთ რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკებლობისთვის, სახელმწიფოსთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში.

დღეს 31 წელი შესრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით დაშავდა.

2 წლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტთან მდებარე მემორიალთან მისვლას ტრადიციულად, იწყებდნენ დაღამების შემდეგ. წელს ასე არ მოხდა, რადგან კორონავირუს COVID-19-ის გამო, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. გარდა ამისა, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კრძალავს 3-ზე მეტი პირის შეკრებას.

Amnesty International-ი: ირანის უშიშროების ძალებმა 30-ზე მეტი პატიმარი დახოცეს ამბოხებისას

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი აცხადებს, რომ, მისი აზრით, ირანის უშიშროების ძალებმა 30-ზე მეტი პატიმარი დახოცეს ამბოხებისას, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შიშით იყო გამოწვეული.

უკანასკნელ დღეებში ირანის, სულ მცირე, რვა ციხეში ათასობით პატიმარმა მოაწყო საპროტესტო ამბოხება ინფიცირების შიშის გამო. Amnesty International-მა, რომელსაც ლონდონში უდევს ბინა, 9 აპრილს განაცხადა, რომ ამბოხებას სისხლიანი პასუხი მოჰყვა ციხის დაცვისა და უშიშროების ძალების მხრიდან.

ორგანიზაციამ, რომელიც, მისი თქმით, სანდო წყაროებს, მათ შორის პატიმართა ნათესავებს იმოწმებს, განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საბრძოლო ვაზნები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა რიგ პენიტენციურ დაწესებულებაში. საერთო ჯამში 35-მდე ადამიანი იქნა მოკლული და ასობით დაიჭრა.

ორგანიზაციის თანახმად, სულ მცირე, ერთ ციხეში პატიმრებს, რომლებიც ამბოხებაში მონაწილეობდნენ, სცემეს, რის შედეგადაც, სავარაუდოდ ერთი პატიმარი გარდაიცვალა.

„იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას რეაგირება მოეხდინა პატიმართა კანონიერ მოთხოვნაზე, დაცული ყოფილიყვნენ COVID-19-ისგან, ირანის ხელისუფლებამ კვლავ აირჩია ადამიანების მოკვლა, რათა ჩაეჩუმებინა მათი შეშფოთება,“ განაცხადა Amnesty International-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონული განყოფილების დირექტორის მოადგილემ, დაიანა ელტაჰავიმ.

ქეთევან ციხელაშვილმა ილაპარაკა ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სხვადასხვა წყაროთი ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში უკვე კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა არ არსებობს აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ ეს ზუსტი მონაცემია. როგორც მან აღნიშნა, ინფიცირებულები ერთმანეთთან დაკავშირებული პირები არიან, რამდენიმე ადამიანი კი კარანტინში იმყოფება. ამასთან, როგორც ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, გაგრაში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომენდანტის საათი გამოაცხადეს.

„ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ, რა თქმა უნდა, საფრთხის დონე აწეულია ერთი საფეხურით, რამდენადაც ჩვენი ინფორმაციით, ამ კონკრეტულ პირებს საკმაოდ ბევრი კონტაქტი ჰყავთ და ახლა აუცილებელია, რომ ადგილზე დროულად მოხერხდეს ამ კონტაქტების კვლევა, დროული იზოლირება და შემდგომი გავრცელება შეკავდეს“, - თქვა ციხელაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან იმყოფება 80-მდე პირი, მათ შორის ერთი კორონავირუსით არის ინფიცირებული. „ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები, რომლებიც არიან საკარანტინო ზონაში, სხვა პირები, რომლებიც ასევე იმყოფებიან კარანტინში და სხვა სამედიცინო საჭიროების მქონე პირები, რომელთა ტრანსპორტირება ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ და აქვთ სურვილი, ჰქონდეთ წვდომა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, ვეხმარებით მოსახლეობას მათთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის სერვისებით. რუხის კლინიკა ფაქტობრივად მზადყოფნაშია, პირველ ეტაპზე როგორც საკარანტინო სივრცე და რამდენიმე დღეში უკვე როგორც COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი რეგიონში“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ვახტანგ გომელაური ეკლესიაზე საუბრის დროს: კანონს ესენი არ არღვევენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ აღდგომის დღესასწაულის დროს კანონს არც ეკლესია დაარღვევს და არც პოლიცია. მისი თქმით, ამ საკითხზე მთავრობა ეკლესიასთან შეჯერდება.

"კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ კანონსო", - თქვა გომელაურმა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებიდან, 21 მარტიდან აიკრძალა 10 კაცზე მეტის ერთ სივრცეში შეკრება. მოგვიანებით კი შეიზღუდა 3 კაცზე მეტის ერთად შეკრება. ამ შემთხვევაშიც კი მოქალაქეებმა 2 მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. წესების დარღვევის შემთხვევაში პოლიცია მოქალაქეს 3 ათასი ლარით აჯარიმებს.

ამ წესების არსებობის მიუხედავად, ეკლესიაში წირვები არ შეწყვეტილა, ერთ ჭერქვეშ ან ერთ ეზოში რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბება. ამ დრომდე არაა ცნობილი დააჯარიმა თუ არა პოლიციამ ვინმე საეკლესიო რიტუალზე ყოფნის დროს.

მაია ცქიტიშვილი: ბატონი ბიძინა არის დამზღვევი, გარანტი საჭიროებებისა, რომელიც ქვეყანას აქვს

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს ახალი კორონავირუსის ფონდში 100 მილიონი ლარის შეტანის გამო. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ეს თანხა ქვეყნის მოქალაქეების დასახმარებლად გაიღო:

„ფონდი „ქართუ“, ბატონი ბიძინა, მისი ოჯახი წლების განმავლობაში არიან ის დამზღვევი, ის გარანტი ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილების, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და იცით, რომ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მხარდაჭერის, ანუ საქველმოქმედო საქმიანობა გაწია ამ ოჯახმა და ეს დახმარება ყოველთვის იყო მიმართული იქ, სადაც ყველაზე ძალიან გვიჭირდა, სადაც ყველაზე ძალიან სჭირდებოდა სახელმწიფოს და წლების წინ ეს იყო როგორც ჩვენი პოლიციის, საჯარო მოხელეების, ზოგადად, სახელმწიფოებრიობის აღდგენის და გაძლიერებისაკენ მიმართული დახმარება. გულისხმობდა მათ შორის ძალიან ბევრ პროექტს, მათ შორის სამედიცინო სფეროში, რაც ჩვენ დღეს ძალიან დაგვჭირდა ამ პანდემიასთან გამკლავების ნაწილში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ STOPCOV ფონდში გადარიცხული 100 მილიონი ლარი დიდი თანხაა და იგი მიმართული იქნება საქართველოს მოქალაქეების იმ საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, რომელის ერთობლივად შეფასდება.

„ეს თანხა არის მიმართული იმ ერთიან ფონდში, რომელშიც ყველა თანხა აკუმულირდება, სადაც ჩვენს თანამოქალაქეებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს შეაქვთ თავიანთი შენატანი, იქნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობით განაწილებული, მიმართული იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც ეს დახმარება სჭირდებათ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და შეგროვებული თანხა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად დაიხარჯება. ამ დროისთვის ანგარიშზე 124 543 899 ლარია.

კარანტინში შესაძლო სექსუალურ შევიწროებაზე ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას განცხადებას კარანტინში მყოფი ახალგაზრდა ქალის მიმართ ექიმის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი.

სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამისად, შემდგომ რეაგირებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

საქმეში უკვე ჩაერთო სახალხო დამცველი და ქალის ინტერესებს ორგანიზაცია „საფარი“ იცავს. ორგანიზაციამ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს და ომბუდსმენის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქმიანობიდან ექიმის ჩამოშორებას მოითხოვა.

კარლ ჰარცელი: ევროპა დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტის  გამოყოფას საქართველოსთვის

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას, რათა დაეხმაროს საქართველოს კოვიდ-19-თან გამკლავებაში.

”ვიდრე ევროპა თავად იბრძვის კოვიდ -19 პანდემიის მწვავე შედეგების დასაძლევად, იგი კვლავ პარტნიორების გვერდით დგას. სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად კოვიდ-19–თან გამკლავებაში”, - ამბობს კარლ ჰარცელი.

ელჩის თანახმად, ევროკავშირის დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ გაჯანსაღებას და დაეხმარება ქვეყანას წარმატებით გაართვას თავი ამ რთულ ეკონომიკურ პერიოდს.

კარლ ჰარცელი განმარტავს, რომ აღნიშნულ თანხას საქართველო გრანტის სახით მიიღებს:

„მთელი ეს დაფინანსება მოდის როგორც გრანტი და არა როგორც სესხი და იგი ემატება დახმარების პაკეტს, რომლის შესახებ ევროკავშირმა გასულ კვირას გამოაცხადა. საქართველოსთვის ევროკავშირის მთლიანი დახმარება 250 მილიონ ევროზე მეტია”, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირმა კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში პარტნიორი ქვეყნების მხარდამჭერი გლობალური რეაგირების შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირმა პარტნიორების დასახმარებლად 15 მილიარდ ევროზე მეტი თანხის გადამისამართების ვალდებულება აიღო. აღნიშნული თანხიდან საქართველო საქართველო 183 მილიონ ევროს მიიღებს.

Oxfam-ი: კორონავირუსის კრიზისმა ნახევარ მილიარდამდე ადამიანი შეიძლება გააღატაკოს

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-მა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, შეიმუშაონ ზომების კომპლექსური პაკეტი, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემების გამო ნახევარ მილიარდამდე ადამიანის გაღატაკება.

9 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში ორგანიზაცია აცხადებს, რომ „მდიდარმა ქვეყნებმა“ კრიზისის დროს აჩვენეს, რომ ტრილიონობით დოლარის მობილიზება შეუძლიათ საკუთარი ეკონომიკების დასახმარებლად და ეს სხვა ქვეყნებისთვისაც უნდა გააკეთონ.

Oxfam-ის განცხადება წინ უსწრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებს, რომლებიც მომავალ კვირაში გაიმართება.

Oxfam-ის თანახმად, მსოფლიოში სიღატაკე შეიძლება პირველად გაიზარდოს 1990-იანი წლების შემდეგ. ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამგვარმა ტენდენციამ შეიძლება მსოფლიოს ზოგიერთი რეგიონი 30 წლის წინანდელის მსგავს სიღატაკეში ჩააგდოს.

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილისთვის ხალხის გვერდით დგომა ცხოვრების სტილია

"საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით დგომა ცხოვრების ჩვეული სტილია", - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 მლნ-ს გადარიცხვას.

"ბუნებრივია, როდესაც ხარ იმედიანად, რომ გყავს ადამიანი გვერდით და ქვეყანას და ხალხს ჰყავს ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ ასეთი სერიოზული ქველმოქმედება", - ამბობს მდინარაძე.

მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის დროს ჯანდაცვის სფეროს გამართულად მუშაობის დროს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ივანიშვილმა ამ სფეროშიც განახორციელა ქველმოქმედება.

"ეს ფაქტორიც აუცილებლად უნდა ვთქვათ ხოლმე და აღვნიშნოთ, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ", - ამბობს მდინარაძე.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და შეგროვებული თანხა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად დაიხარჯება. ამ დროისთვის ანგარიშზე 124 543 899 ლარია.

გახარიას განმარტება საეკლესიო პირების ტესტირებაზე

საქართველოს პერმიერ-მინისტრი გიორგი გახარია განმარტავს, რომ საეკლესიო პირების კორონავირუსზე ტესტირება დაკავშირებულია ეპიდემიის განვითარებასთან:

"ეს უკავშირდება ყველაფერს და პირველ რიგში, რისკების შეფასებას ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან. საერთოდ, ამ პროტოკოლის შეცვლა დაკავშირებულია, პირველ რიგში, რისკების შეფასებათან და, რა თქმა უნდა, ეპიდემიის განვითარებასთან, ახალ ეტაპზე გადასვლასთან".

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი ალგორითმით, საეკლესიო პირები - მღვდლები, სტიქაროსნები - ერთ-ერთი ჯგუფია, რომელთაც ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

წაიკითხეთ: ახალი ალგორითმი: ვის (არ) ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე​.

გარდაიცვალა ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი

73 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი.

გიორგი ცაგარელის გადაღებულია უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე საზოგადოებრივ- პოლიტიკური პროცესების ამსახველი დოკუმენტური ფოტოები. მათ შორის 1989 წლის 9 აპრილი, სამოქალაქო ომი თბილისში, აფხაზეთისა და ყარაბაღის ომები და სხვა.

გიორგი ცაგარელი 1947 წელს დაიბადა თბილისში.უკანასკნელ დროს მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა.

გურამ კაშია ამერიკის საფეხბურთო ლიგაში გამოარჩიეს

ამერიკის საფეხბურთო ლიგის - MLS-ის ოფიციალურმა ვებსაიტმა ლიგის ყველაზე აქტიურ ცენტრალურ მცველად გურამ კაშია დაასახელა. ათვლა დაიწყო 2019 წლის სეზონის დაწყებიდან და ლიგის უკანახაზელები შეაფასეს საერთო სარგებლიანობის მიხედვით თავის პოზიციაზე. კონკრეტულად ბურთის ჩაჭრის, შეტევის მოგერიების, ტექნიკური ვარდნებისა და ბლოკირებების საშუალო მაჩვენებლებით.

საქართველოს ნაკრების მცველს 5,29 ქულა დაუგროვდა და 0,11 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ფრანსისკო კალვოს. გურამ კაშია MLS-ში 2018 წლიდან თამაშობს და კლუბ „სან ხოსეს“ ქომაგების ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია. ამჟამად ამერიკის ლიგაში სეზონი შეჩერებულია, კორონავირუსის პანდემიის გამო.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG