Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსის გამო, თბილისის უფასო სასადილოებში მომსახურების წესი იცვლება


ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკის გამო, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უფასო სასადილოებში მომსახურების წესი დროებით იცვლება.

16 მარტიდან უფასო სასადილოებით მოსარგებლე ადამიანებს კუთვნილ საკვებს სახლში გაატანენ. საჭიროების შემთხვევაში, მოსარგებლეებს საკვებს სახლში თბილისის მერია მიაწოდებს.

სასადილოს გამცემ პუნქტში ბენეფიციარები შევლენ სათითაოდ და სასადილოს სივრცეში მყოფი ადამიანი ვალდებული იქნება ჩაიტაროს სადეზინფექციო პროცედურა.

საკვების სახლში მისაღებად, მარტოხელა მოხუცებმა, განსაკუთრებული რისკის მქონე და და თვითიზოლაციაში მყოფმა ბენეფიციარებმა უნდა დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე და განაცხადონ, რომ სურთ საკვების სახლში მიტანის სერვისის მიღება.

როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გრძელდება ​ყველა უფასო სასადილოს ყოველდღიური დეზინფექცია, სასადილოს მომსახურე პერსონალი კი დაცული იქნება შესაბამისი აღჭურვილობით.

საქართველოში დასტურდება ახალი კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა. ვირუსის გავრცელების რისკის გამო, რეკომენდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG