Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა მატულობს ერაყში აშშ-ის იერიშის შემდეგ


დაძაბულობა მატულობს მას შემდეგ, რაც აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად ერაყში მოკლულ იქნა ირანის მხარდამჭერი გასამხედროებული ჯგუფის რამდენიმე წევრი. ბაღდადი თავდასხმას გმობს და მას ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევას უწოდებს, თეირანი კი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აფრთხილებს, არ გადადგას მსგავსი "სახიფათო ნაბიჯები".

აშშ აცხადებს, რომ ღამით მიტანილი იერიში იყო პასუხი 11 მარტს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე ერაყის სამხედრო ბაზაზე, რომელსაც ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი სამხედრო ემსხვერპლნენ.

ერაყის პრეზიდენტმა, ბარჰამ სალიჰიმ 13 მარტს დაგმო აშშ-ის შეტევა და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ქვეყანაში შესაძლოა ქაოსმა დაისადგუროს და ის "შეუმდგარ სახელმწიფოდ" გადაიქცეს. ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თავდასხმის შესახებ დაიბარებს აშშ-ის და ბრიტანეთის ელჩებს. ერაყის არმიის განცხადებით, იერიშის დროს დაიღუპა ქვეყნის უსაფრთხოების ძალების ხუთი წევრი და ერთი სამოქალაქო პირი.

პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ტრამპმა უნდა "გადასინჯოს ამ არეალში მისი სამხედროების ყოფნის და ქცევის საკითხი ... სახიფათო ნაბიჯების გადადგმის და დაუსაბუთებელი ბრალდებების წარდგენის ნაცვლად".

რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებდა, რომ მისი თავდასხმების სამიზნე იყო იარაღის ხუთი საწყობი, რომლებსაც იყენებდა გასამხედროებული საჯგუფება, ქათაიბ ჰეზბოლა - მათ შორის, იარაღი, რომელიც წარსულში გამოყენებული იყო აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების წინააღმდეგ. ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის გენერალმა, ფრენკ მაკკენზიმ 13 მარტს თქვა, რომ იმ არეალში ამგვარი საწყობი ბევრია, თუმცა აშშ-ის ძალები "თავდაჭერით" მოქმედებენ, ითვალისწინებენ რა ერაყის მთავრობასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ვითარებას და იმ გარემოებას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თავდასხმებს შესაძლოა დიდძალი სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG