Accessibility links

logo-print logo-print

სომხეთის ოპოზიცია კორონავირუსის გამო მოითხოვს რეფერენდუმის გადადებას


სომხეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ხელისუფლებას მოუწოდა, გადადოს 5 აპრილს დანიშნული რეფერენდუმი, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო.

"ვითარება გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება, - განაცხადა საპარლამენტო პარტიის, "ნათელი სომხეთის" ლიდერმა, ედმონ მარუკიანმა 13 მარტს, - ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, და, ამდენად, კენჭისყრის ჩატარება შეუძლებელი იქნება. ამის თაობაზე გადაწყვეტილება ახლა უნდა იქნეს მიღებული".

სომხეთი კორონავირუსით დაავადების 13 შემთხვევის შესახებ აცხადებს.

13 მარტს, უფრო ადრე, სომხეთის მთავრობამ გადაწყვიტა სულ მცირე 23 მარტამდე დაეხურა ყველა სკოლა, უნივერსიტეტი და საბავშვო ბაღი.

სომხეთის საარჩევნო უწყებებს ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ რეფერენდუმის გადადების გეგმის შესახებ. ამ რეფერენდუმით საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის შეცვლა ხდება შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააუქმა რეფერენდუმის წინა კამპანია და მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობისგან.

დამტკიცების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები მოიტანს სასამართლოს ცხრა მოსამართლიდან შვიდის გათავისუფლებას - მათი, რომლებიც ამ პოსტებზე დაინიშნენ 2018 წლის საპროტესტო გამოსვლებამდე, რომლებსაც ხელისუფლებაში ფაშინიანის მოსვლა მოჰყვა შედეგად.

ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში, საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის დროებით შეჩერდა მოქალაქეების გადაადგილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG