Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეზუგბაია: პირველადი ტესტირებით კორონავირუსი აღარც მეორე დაავადებულს აქვს


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაავადებულ მეორე პაციენტს მე-15 დღეს ჩაუტარდა ტესტირება და პირველადი პასუხი არის უარყოფითი. თუმცა იმაში დასარწმუნებლად, რომ ის საბოლოოდ განიკურნა, 24 საათის განმავლობაში ტესტირება ხელახლა უნდა ჩატარდეს:

"თუ პასუხი იქნა ისევ უარყოფითი, ვიტყვით, რომ პაციენტი განიკურნა", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე სიტყვებით, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი პირველი პაციენტის მეორე ტესტირების შედეგიც - პირველადი გამოკვლევით, ის ასევე გამოჯანმრთელების გზას ადგას.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 14 მარტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა 21 ადამიანს. უკვე ცნობილია, რომ 15 მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა - პასუხი უარყოფითია.

"დანარჩენი 6 პაციენტის ტესტირების პასუხი დღის განმავლობაში გვეცოდინება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე სიტყვებით, ხუთი ახალი პაციენტიდან დღეის მდგომარეობით, ერთ-ერთია შეადრებით მძიმე - ექიმები აკვირდებიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის გამოჯანმრთელების ამბავი 14 მარტს გავრცელდა. ამავე დღეს გახდა ცნობილი, რომ ვირუსი დაუდგინდა კიდევ 5 ადამიანს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეს არის ე.წ. მესამეული გადაცემის შემთხვევა, თუმცა ჯერჯერობით საქართველოში კორონავირუსის გავრცელების კვალი არ დაკარგულა.

15 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის (COVID 19) 30 შემთხვევა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 439 ადამიანი.

სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 64 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG