Accessibility links

site logo site logo

ილია მეორე: კვირაობით, 12.00 საათზე ყველა ტაძარში ზარები დაირეკება


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, ვიდრე ქვეყანაში კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების თვალსაზრისით რთული მდგომარეობაა, კვირიდან, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 12 00 სთ-ზე, ყველა ტაძარში (სასურველია უცხოეთში არსებულ ქართულ ეკლესიებშიც ამ დროსვე) ზარები დაირეკება და შესრულდება ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“ და „მოწყალებისა კარი განგვიღე“.

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სთხოვს მორწმუნეებს, წაიკითხონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, - „ზესთამბრძოლისა ჩემისათვის“.

„მოგიწოდებთ, შევეწიოთ ერთმანეთს ნებისმიერი სიძნელის გადასალახად, ვიყოთ მიმტევებელნი დაგამოვიჩინოთ ქრისტიანული სიყვარული და ზრუნვა; „ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“, - ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის მრევლს ასევე მოუწოდა, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის - მოლოცვის მიზნითაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG