Accessibility links

logo-print logo-print

"ლელო" ხელისუფლებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს


პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ შეიმუშაოს საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მხარდასაჭერად და გააკეთოს ყველაფერი იქ კორონავირუსის როგორც პრევენციის და დიაგნოსტირების, ასევე მართვისა და აღმოფხვრისათვის.

„ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ფსოუმდე და როკის გვირაბამდე ვრცელდება და მიუხედავად რუსეთის მიერ დროებით ოკუპაციისა, საქართველოს აქვს პასუხისმგებლობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები თანამოქალაქეების მიმართ.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო ხელისუფლებები მსოფლიო საფრთხეს მომზადებულები ვერ ხვდებიან: არ არის სადეზინფექციო საშუალებები, სადიაგნოსტიკო ტესტები, სუნთქვის აპარატები, მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა, გამართული სტაციონარი. ზემოაღნიშნულ რეგიონებში კარანტინში გადაყვანილი ადამიანები არიან მხოლოდ იზოლაციაში, ყოველგვარი სამედიცინო დახმარების გარეშე. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ოკუპაციურ რეჟიმებს დროებითი შეზღუდვები არ დაუწესებიათ რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც ყველაზე მეტადაა საშიში დაავადების გავრცელების მხრივ“, - წერს „ლელო“.

პოლიტიკური გაერთიანება მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, მაქსიმალურად გაკონტროლდეს საკონტროლო-გამშვები პუნქტები და ყველა პირის მიმართ განხორციელდეს სადიაგნოსტიკო ღონისძიებები სამედიცინო პერსონალის სრული ჩართულობით. ასევე, გაუწიოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას დახმარება, როგორც საინფორმაციო გაიდლაინებით და სამედიცინო ინვენტარით (მედიკამენტებით, სადიაგნოსტიკო ტესტებით, სუნთქვის აპარატებით, სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებით), ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისებით - როგორც ტერიტორიის შიგნით (საჭიროების შემთხვევაში), ასევე საოკუპაციო ხაზების სიახლოვეს.

„წინასწარ გამოთავისუფლდეს ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს სტაციონარის ის ადგილები, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება რისკ-ჯგუფების განთავსება და სამედიცინო ღონისძიებების გატარება“, ვკითხულობთ „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG