Accessibility links

site logo site logo

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში უარყოფენ, რომ ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არიან


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი 28 პაციენტიდან, რომლებსაც კორონავირუსი COVID-19 აქვთ, ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან.

"28 პაციენტი არის ჩვენთან და, თუ არ ვცდები, 5 პაციენტი არის სხვა კლინიკებში. მათ შორის ჩეხეთის მოქალაქე არცერთი არ არის", - უთხრა დღეს, 16 მარტს დილით მედიას მარინა ეზუგბაიამ.

შეკითხვას, ზოგადად, აქვთ თუ არა ინფორმაცია ჩეხეთის მოქალაქეებზე, მარინა ეზუგბაიამ უპასუხა: "ჩეხეთის მოქალაქეებთან დასტური არ არის მიღებული დაავადებაზე. რამდენჯერაც არ უნდა დამისვათ კითხვა, ასეთ პასუხს გაგცემთ".

გვიან ღამით, გუდაურში მდებარე რესტორნის, "მთვრალი ალუბლის" ფეისბუკის გვერდზე ამ შინაარსის შეტყობინება გამოქვეყნდა: "დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი. ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ თავიანთი ვიზიტის განმავლობაში ყოველ დღე დადიოდნენ რესტორან მთვრალ ალუბალში".

16 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 33 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG