Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადასტურდა კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა, უარყოფით პასუხს კიდევ 2 პაციენტი ელოდება 


საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული პირველი შემთხვევის შემდეგ კიდევ ერთ პაციენტი ელოდება უარყოფით პასუხს. დღეს, 16 მარტს განმეორებითი ანალიზის შედეგად, მეორე პაციენტის პასუხი თუ კვლავ უარყოფითი იქნება, ისიც გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.

პირველ გამოჯანმრთელებულ პაციენტს 15 მარტს ჩატარებული განმეორებითი ანალიზებით დაუდასტურდა, რომ ის ინფიცირებული აღარ არის.

„გამოჯანმრთელებული პაციენტი, ალბათ, დღეს დატოვებს კლინიკას, მაგრამ როდის, ამას მე ვერ გეტყვით. პაციენტი ერთი კვირის განმავლობაში გადავა თვითიზოლაციაში“, - თქვა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსით ინფიცირების ვადა (14 დღე) ეწურება ინფექციური საავადმყოფოს კიდევ ერთ, „მესამე“ პაციენტს. მას ანალიზები რამდენიმე საათში უნდა ჩაუტარდეს. პროცედურა ამ შემთხვევაშიც უცვლელია. მის გასაწერად აუცილებელია 24-საათიანი ინტერვალით ზედიზედ ორი უარყოფითი პასუხი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 26 თებერვალს დადასტურდა. 50 წლის ინფიცირებული კაცი ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ამ შემთხვევიდან ზუსტად ორ დღეში, 28 თებერვალს ვირუსი იტალიიდან საქართველოში ჩამოსულ 31 წლის ქალს დაუდგინდა. მესამე შემთხვევა 29 თებერვალს გამოვლინდა. კაცს, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, „პირველ პაციენტთან“ ერთად ირანში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 637 ადამიანი, სტაციონარში კი - 54.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG