Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესტორან "მთვრალი ალუბლის" 2 თანამშრომელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს


გუდაურში განთავსებული რესტორნის „მთვრალი ალუბლის“ ადმინისტრაციის თანახმად, ობიექტის ორი თანამშრომელი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

„- ჩვენ დაგვიკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონალური დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან
- ჩეხი ტურისტები გუდაურში იმყოფებოდნენ 4 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით
- ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით აღნიშნული ტურისტები დაბრუნდნენ ჩეხეთში და იქ აღმოაჩნდათ ვირუსი.
- ჩვენი 2 თანამშრომელი არის გადაყვანილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ისინი თავს კარგად გრძნობენ თავს.
- ჩვენ მეტი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, შესაბამისი სამსახურები გაავრცელებენ დეტალებს”, - აღნიშნულია „მთვრალი ალუბლის“ 16 მარტის ფეიბუკპოსტში.

15 მარტს კი რესტორნის ადმინისტრაცია წერდა, რომ 4 მარტიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გუდაურში მყოფი 6 ჩეხი ტურისტი ყოველდღე დადიოდა რესტორან „მთვრალ ალუბალში“.

„ვინც ამ დღეებში იყავით მთვრალ ალუბალში, გთხოვთ იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას...

იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არავის არაფერი არ აღმოგვაჩნდება ...

გისურვებთ ჯანმრთელობას“, - ნათქვამია რესტორნის ადმინისტრაციის განცხადებაში.

„ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა გუდაურში მოგზაურობის ისტორია 4-9 მარტს“, - ამის შესახებ ფეისბუკზე წერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე.

მისი განმარტებით, ჩეხეთის მოქალაქე მოგზაურობდა 6-კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად და მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19.

16 მარტის 12:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 33 შემთხვევა.

კარანტინის რეჟიმშია 637 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG