Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მუნიციპალური პროგრამების სახელფასო დაფინანსება არ შეწყდება


თბილისის მერია არ შეწყვეტს კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით შეჩერებული სასწავლო, სამედიცინო და სხვა ტიპის მუნიციპალური პროგრამების სახელფასო დაფინანსებას.

მერიაში დღეს, 16 მარტს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დაფინანსება არ შეჩერდება, რათა ამ პროგრამებსა და დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები რთულ სიტუაციაში შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ.

მომსახურების შეჩერების მიუხედავად, გაგრძელდება:

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრების, საცურაო აუზებისა და სპორტული სკოლების პედაგოგ-მასწავლებლების ხელფასების დაფინანსება, რომელიც გაიცემა იმ პირობით, რომ COVID 19-ის გავრცელებით გამოწვეული საფრთხის პერიოდის დასრულების შემდეგ, პედაგოგ-მასწავლებლებმა უნდა აანაზღაურონ ყველა გაცდენილი საათი;

გაგრძელდება სოციალურად დაუცველი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამის დაფინანსება;

სწავლების შეჩერების მიუხედავად, გაიცემა მერიის ბალანსზე არსებულ კულტურული, სპორტული, საგანმანათლებო და ახალგაზრდულ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის - მწვრთნელებისა და პედაგოგების მარტის თვის სახელფასო ანაზღაურება. მათ შორის საუბარია ხელოვნების სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგებზეც.

მერიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით უზრუნველყოფილი იქნება თბილისის მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2500-მდე პედაგოგის, მწვრთნელისა და თერაპევტის ხელფასების დაფინანსება, რომლებიც სასწავლო პერიოდში, ყოველთვიურად, დაახლოებით, 25 ათასამდე ბავშვსა და ახალგაზრდას ემსახურებიან.

16 მარტის 14:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით COVID-19 დაავადების 33 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმშია 637 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG