Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი რუსეთს კვლავ მწვავედ აკრიტიკებს ყირიმის გამო


ევროკავშირმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი მზარდი მილიტარიზაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე, ექვსი წლის თავზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა.

16 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ბლოკი ამბობს, რომ მისი 27 წევრი კვლავ ერთგულია არაღიარების პოლიტიკის სრულად განხორციელებისა, მათ შორის, სანქციების გზით, მანამ, სანამ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება.

"ევროკავშირი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ არ აღიარებს და კვლავაც გმობს საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც გავრცელდა ყირიმის სტატუსის შესახებ გამართული რეფერენდუმის მეექვსე წლისთავზე. ამ რეფერენდუმს ბევრი დადგმულად მიიჩნევს.

"ეს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის რჩება პირდაპირ გამოწვევად, მძიმე შედეგებით საერთაშორისო იურიდიული წესრიგისთვის, რომელიც იცავს სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობას, ერთიანობასა და სუვერენიტეტს", - წერს ევროკავშირი.

მოსკოვმა შავი ზღვის ამ ნახევარკუნძულზე თავისი ძალები გაგზავნა, საკვანძო შენობებს დაეუფლა და ჩაატარა რეფერენდუმი, რომელსაც სულ მცირე 100 სახელმწიფო არალეგიტიმურად მიიჩნევს. რუსეთმა წამოჭრა პერსპექტივა, რომ ამ რეფერენდუმის ჩატარების გარეშე, თუ უკრაინა ბოლოს ნატოს წევრი გახდებოდა, ალიანსის ძალები შესაძლოა განთავსებულიყო სევასტოპოლში, რომელიც დიდი ხანია შავ ზღვაზე რუსეთის ბაზების ადგილია.

ევროკავშირი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საერთშორისო ჰუმანიტარული კანონების დარღვევით, რუსეთის მოქალაქეობას და ჯარში გაწვევის ვადებულებას თავს ახვევენ ყირიმის მცხოვრებთ.

ევროკავშირი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს ქერჩის ხიდის მშენებლობაზე უკრაინის ნებართვის გარეშე და რკინიგზის მონაკვეთის გახსნაზე.

"ამასთან, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეწყვიტოს მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლა, თავისი სამოქალაქო მოსახლეობის გადაყვანით ნახევარკუნძულზე", - ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე გამოთქმულია მოწოდება, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა პატიმარი, "რომლებიც დააკავეს ყირიმის ნახევარკუნძულზე და საერთაშორისო კანონების დარღვევით გამოუტანეს განაჩენი".

ევროკავშირის სანქციების სია, რომელშიც ამჟამად 177 ინდივიდი და 44 უწყებაა შეყვანილი, შეიქმნა რუსეთის ნაბიჯის შემდეგ და წლების განმავლობაში გაფართოვდა, იმ ფონზე, როცა მოსკოვი განაგრძობდა სეპარატისტების მხარდაჭერას აღმოსავლეთ უკრაინაში.

რუსეთის წინააღმდეგ ანალოგიური ზომები შემოიღეს აშშ-მა და კანადამაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG