Accessibility links

განათლების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს რეკომენდაციებით მიმართავს


ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე არდადეგების დროს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს განათლების სამინისტროსგან ეძლევათ რეკომენდაცია, უზრუნველყონ სასკოლო თემის შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხების გამოყენება. რეკომენდაციები ითვალისწინებს ასევე მშობლებთან საკომუნიკაციო არხების გამართვას, რათა მოსწავლეებმა არდადეგების პროცესში დამოუკიდებლად სწავლა შეძლონ.

„მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებით თითოეულმა სკოლამ, მასწავლებელმა/დამრიგებელმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინდივიდუალური მდგომარეობა, ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. ასევე, თითოეულმა მასწავლებელმა მოსწავლის ოჯახის ინდივიდუალური კონტექსტიდან გამომდინარე მოსწავლეს შეურჩიოს კლასგარეშე საკითხავი მასალა, ასეთის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენოს სკოლის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში შერჩეული მასალა სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს მიაწოდოს ისეთი გზით, რომელიც შეთანხმებული იქნება მშობელთან“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ განცხადების თანახმად, რეკომენდებულია, მასწავლებლებმა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის მოამზადონ შესაბამისი მასალები, როგორც საგნობრივად, ისე გამჭოლი კომპეტენციების გასავითარებლად. მაგალითად: საკითხავი ლიტერატურა; შემეცნებითი აქტივობები; კვლევითი პროექტები; ონლაინპლატფორმები/ელ. მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თემატური დავალებები და სხვა.

სამინისტრო მოუწოდებს პედაგოგებს, მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებისთვის გამოიყენონ ყველა არსებული საკომუნიკაციო ფორმა, მაგალითად: სოციალური ქსელი; ვიდეოზარები; სატელეფონო კომუნიკაცია; ელექტრონული ფოსტა და სხვა.

რეკომენდაციები გულისხმობს საკომუნიკაციო ქსელების გამართვას ასევე კლასების დამრიგებლებს, ცალკეულ მასწავლებლებსა და კათედრების ხელმძღვანელებს შორის იმისთვის, რათა მასწავლებლებმა მოსწავლეებთან კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის აწყობა შეძლონ.

„ამ პროცესში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Microsoft office 365-ის პროდუქტები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა საჯარო სკოლის წარმომადგენლისთვის. ამ მიზნით სკოლის წარმომადგენელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://email.mes.gov.ge/ და გაეცნოს ინსტრუქციებს“, - აღნიშნულია რეკომენდაციებში.

განათლების სამინისტროს თანახმად, პერიოდულად განახლდება უფასო რესურსების ჩამონათვალი საგანმანათლებლო პორტალზე el.ge და გაზიარდება ყველა ის ინიცირებული პროექტი, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.

"ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეტაპობრივად მიეწოდებათ ყველა ის სიახლე, რომლებსაც ყოველდღიურად შეიმუშავებს სამინისტროს გუნდი”, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, არდადეგები სასწავლო დაწესებულებებში 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG