Accessibility links

site logo site logo

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ფიზიკურ პირთა წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელებით მიმართვიანობა გაზარდეს


კორონავირუსის (COVID-19) ინფექციის გამო თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. როგორც საქართველოს ყველაზე დიდი სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, არაერთი თხოვნისა და მოწოდების (მოქალაქეებმა და მათმა წარმომადგენლებმა შეამცირონ და შეზღუდონ სასამართლოში ვიზიტები) მიუხედავად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გაზარდეს სასამართლოსადმი მომართვიანობა.

სასამართლოს ინფორმაციით, მას შემდგომ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასამართლოში საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა გახდა უფასო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა სასამართლოში ჩვეულებრივზე ბევრად მეტი სარჩელი წარმოადგინეს.

განცხადების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლო დისტანციური გრაფიკით შრომის რეჟიმზე გადავიდა, თუმცა ამ ფონზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა არასამუშაო დღეებშიც ფიზიკურ პირთა წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელებით მომართვიანობა გაზარდეს შემდეგი დავის საგნით - ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

თბილისის სასამართლო განმარტავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე დაწყებულია სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვების გადავადება.

თბილისის საქალაქო სასამართლო იმედს იტოვებს, რომ საფინანსო ორგანიზაციები გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და უფასო დისტანციური სერვისებით ბოროტად არ ისარგებლებენ.

ამავე განცხადების მიხედვით, სასამართლოში ყოველდღიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 33-ს შეადგენს. ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში რჩება 637 ადამიანი, 54 კი - სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა 26 თებერვალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG