Accessibility links

logo-print logo-print

საპატრიარქო თანახმაა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი გადაუვადდეს


საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ემხრობა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს და აღნიშნავს, რომ თანახმაა, ასევე, მას სასჯელი გადაუვადდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განცხადება 16 მარტს, გიორგი მამალაძის პატიმრობის გადავადების საკითხთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის განახლებამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა:

"გავრცელებული ინფორმაციით, ა.წ. 17 მარტს უნდა შედგეს სასამართლო პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინების საფუძველზე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შესახებ “მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზისი თხოვნის გათვალისწინებით”.
ეკლესიის პოზიცია უცვლელია.

და ამჟამადაც, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებაზე, ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ვემხრობით როგორც მისი შეწყალების საკითხს, ასევე სხვა სახით შეღავათის მიცემასაც მიუხედავად იმისა, რამდენად შეესაბამება რეალობას სასჯელის გადავადების მოტივი", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში,

გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით საქმის განხილვა 27 თებერვალს დაიწყო. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი უფლებების დამცველი EMC საჭიროდ მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმის გამოყენებას.

ეს მექანიზმი გულისხმობს იმას, რომ გიორგი მამალაძეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, უსაფრთხო, მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში დაბრუნდეს სასჯელის მოხდის ადგილზე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით.

პრეზიდენტის მიერ საშობაოდ შეწყალებულ 5 მსჯავრდებულს შორის გიორგი მამალაძე არ აღმოჩნდა.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG