Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძემ განმარტა გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერის წესი


შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ილაპარაკა კლინიკიდან გაწერილ პაციენტზე, რომელსაც საქართველოში პირველად დაუდგინეს კორონავირუსი (COVID – 19). როგორც ცერცვაძე ამბობს, ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერის განსხვავებული წესი მოქმედებს.

„პირველი პაციენტი დღეს, 16 მარტს, გაეწერა, ველოდებოდით განმეორებითი გამოკვლევის პასუხს. ზოგ ქვეყანაში პაციენტებს, რომელიც მიიჩნევა გამოჯანმრთელებულად, წერენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ის განკურნებულია, თავისუფალია. საქართველოში შევიმუშავეთ წესი, რომელიც, სავარაუდოდ, უფრო სწორია: ეს პაციენტი ორი კვირის განმავლობაში იქნება ბინაში, თვითიზოლაციაში, არ შევა კონტაქტში სხვებთან. ეს მაგალითი მოგვცა ჩინურმა გამოცდილებამ, სადაც რამდენიმე ასეული პაციენტი ეგონათ გაჯანმრთელებული და გაეწერნენ, რამდენიმე ხანში კვლავ აღმოაჩნდათ სიმპტომები და შეაბრუნეს უკან, კლინიკებში. ჩინეთში ჯერ არ იციან, ესენი იყვნენ არა ბოლომდე გაჯანმრთელებულები თუ ხელახლა დაინფიცირდნენ. სანამ ეს არ იციან და არ დაგვიდგენია, ვიჩენთ სიფრთხილეს“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ამ დროისთვის ინფექციურ კლინიკაში 45 პაციენტი წევს. როგორც ცერცვაძე ამბობს, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის შეცვლილი არ არის. ქვეყანაში არის 33 ინფიცირებული პაციენტი.

„ახალი პაციენტები არ გვყავს. 14 ანალიზის პასუხს ველოდებით და არ არის გამორიცხული, რომ რომელიმეს აღმოაჩნდეს“, - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

საქართველოში კორონავირუსის ინფექციის მქონე ნომერ მესამე პაციენტს კი 17 მარტს ჩაუტარდება განმეორებითი გამოკვლევა, პირველი ტესტის მიხედვით, როგორც ცერცვაძე ამბობს, მას ჰქონდა მკვეთრად უარყოფითი შედეგი და დიდი ალბათობით 17 მარტს გაწერენ.

ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში რჩება 637 ადამიანი, 54 კი - სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა 26 თებერვალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG