Accessibility links

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უსმენენ


ნინო ქადაგიძე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილმა ჯგუფმა დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი ნინო ქადაგიძის კანდიდატურა კანონმდებლობას შეესაბამება. ამის შესახებ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა მისმა თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ნინო ქადაგიძემ თქვა, რომ მისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა კომფორტის ზონა არ არის, მაგრამ როგორც მოქალაქე და იურისტი ვალდებული იყო ეს გამოწვევა მიეღო.

ქადაგიძის განცხადებით, დაპირებებს ვერ გასცემს, მაგრამ აქტიურ და ხელშესახებ როლს შეასრულებს მართლმსაჯულების განითარებაში. ნინო ქადაგიძის თქმით, ამ პროცესში მის უკან მდგომი არცთუ დიდი, მაგრამ მძლავრი სასამართლო კორპუსის მხარდაჭერის იმედი აქვს. ქადაგიძემ მიზნად დაასახელა სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და კომპეტენტური მართლმასჯულება.

საქართველოს იუსიტიციის უმაღლესმა საბჭომ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა პარლამენტს 11 მარტს წარუდგინა.

ნინო ქადაგიძე 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2019 წლის 19 დეკემბრიდან არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა ნინო გვენეტაძემ, რომელმაც ოფიციალურ მიზეზად დაასახელა საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG