Accessibility links

logo-print logo-print

ნინო ქადაგიძეს "ფუნდამენტური შეცდომები" გაახსენეს


ნინო ქადაგიძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მოსამართლედ უვადოდ არჩევამდე გასაუბრების დროს დაშვებული „ფუნდამენტური შეცდომები“ შეახსენა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ. მან ნინო ქადაგიძეს, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტია, შეკითხვები დაუსვა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართმსაჯულებისთვის“ სახელით.

მშვენიერაძემ ქადაგიძეს უთხრა, რომ რამდენიმე თვის წინ, გასაუბრების დროს დაუსვეს ფუნდამენტური შეკითხვები, რომლებსაც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებიც პასუხობენ, მათ შორის „მირანდას გაფრთხილებასთან“ დაკავშირებით და მან პასუხი ვერ გასცა მაშინ, როცა ეს პრინციპი იმთავითვე ცნობილია ყველასთვის, ვინც სისხლის სამართალს, ან ადამიანის უფლებების სამართალს ისწავლის.

გიორგი მშვენიერაძემ ისიც გაიხსენა, რომ გასაუბრების დროს ნინო ქადაგიძემ აბსოლუტურ უფლებად სიცოცხლის უფლება დასახელა და სიძულვილის ენაზე საუბრისას მაგალითად მოიყვანა უხამსობა.

მშვენიერაძემ თქვა, რომ მას ქადაგიძის, როგორც ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტის კომპეტენციაში ეჭვი არ შეაქვს, მაგრამ აინტერესებს, მაშინ, როცა ნინო ქადაგიძე სასამართლოს სახე უნდა იყოს, რამდენად გაზრდის მისი ფუნდამენტური შეცდომები სისტემისადმი ნდობას მომავალი იურისტებისთვის.

ცნობისთვის, 60-იან წლებში, საქმეზე “მირანდა არიზონას წინააღმდეგ“ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოყალიბდა პრაქტიკა, რომლის მიხედვით, დამკავებელ მოხელეებს დაევალათ დაკავებულს აცნობონ თავისი უფლებები. უფლებების ამ ჩამონათვალს „მირანდას გაფრთხილების“ სახელით მოიხსენიებენ.

გიორგი მშვენიერაძის პასუხად, ნინო ქადაგიძემ ხაზი გაუსვა სასამართლოს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების და მოსამართლეთა გადამზადების აუცილებლობას.

„გეთანხმებით, რომ შეიძლება დღეს მე „მირანდას წესები“ თქვენთან გასაუბრების შემთხვევაში არ გამახსენდა, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ მე დღეს რომ თქვენ ადმინისტრაციული სამართლის თვალსაზრისით რაღაც კითხვა დაგისვათ, შეიძლება თქვენც ბევრ რამეზე ვერ მიპასუხოთ და ამას რატომ ვამბობ, იცით? მე ვფიქრობ და ღრმად მჯერა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო სპეციალიზაციით განვითარებული მოსამართლე შეძლებს მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების უზრუნველყოფას“, - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ თეორეტიკოსმა ზოგადად, იცოდეს ყველაფერი და არ თვლის, რომ მოსამართლეს ზოგადი განათლება არ უნდა ჰქონდეს: „ბუნებრივია, ამაზე მუდმივად უნდა იმუშაოს და ეს გადამზადების კურსი... იგივე მე, რომელიც 25 წლის განმავლობაში სისხლის სამართალს არ შევხებივარ, შეიძლება რაღაც მომენტები სისხლის სამართლიდან არ მახსოვდეს. მე ყოველთვის ვკვალიფიცირდებოდი და მსურდა, რომ ვყოფილიყავი ძლიერი სპეციალისტი ჩემს დარგში და ნამდვილად ვერ მივიღებ ვერავისგან შენიშვნას, რომ ჩემს დარგში არ ვარ კვალიფიციური სპეციალისტი“.

ნინო ქადაგიძის განცხადებითვე, არასდროს იტყვის, რომ იცის სისხლის სამართალი, ან საკონსტიტუციო სასამართლოს ღრმა და ძლიერი სპეციალისტია: „ბუნებრივია, ზოგადი წარმოდგენა მაქვს როგორც კონსტიტუციაზე, ისე სახელმწიფოს მოწყობაზე, სისხლის სამართალზე, იმ ძირითად პრინციპებზე, რაზეა სისხლის სამართალი დაფუძნებული, მაგრამ სურვილიც არ გამაჩნია, რომ ამ დარგში ძალიან სიღრმეებში შევიდე. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ავიღე ერთი მიმართულება, იმ განვითარებით მივაღწიო სრულყოფილებას“.

ქადაგიძის შეფასებით, მოსამართლეების ვიწრო სპეციალიზაციით განვითარება მსოფლიო ტენდენციაა და მასზე უნდა გადაერთოს ქართული მართლმსაჯულებაც, რადგან ხარისხიანი მართლმსაჯულება იქნება მხოლოდ მაშინ, როცა მოსამართლე ღრმად გაცნობიერებულია იმ დარგში, რომელშიც გადაწყვეტილებას იღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG