Accessibility links

site logo site logo

ეზუგბაია: ახალი კორონავირუსით დაავადებული მესამე პაციენტი ამ ეტაპზე კლინიკას არ დატოვებს


მარინა ეზუგბაია

ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული რიგით მესამე პაციენტის განმეორებითი ტესტი ჯერ ისევ მოწმდება და ამ ეტაპზე ეს პაციენტი არ დატოვებს კლინიკას, რადგან მისთვის საკარანტინო ვადა გასული არ არის, - ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიას ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, როგორია მესამე პაციენტის განმეორებითი ტესტის შედეგი. მარინა ეზუგბაიას თანახმად, საკარანტინო ვადა 14 დღის ნაცვლად, დაავადების პროგრესირების ყველაზე მსუბუქ ფორმებში 20 დღემდე გაიზარდა:

„აქედან გამომდინარე ამ პაციენტისთვის ჯერ არ არის გასული ეს ვადა. ის ჯერჯერობით ჩვენთან დაკვირვებას გააგრძელებს და როდესაც გვექნება საბოლოო პასუხი, გავწერთ ბინაზე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. საქართველოს ამ მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა, კორონავირუსით ინფიცირება 29 თებერვალს დაუდგინეს.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 16 მარტს საავადმყოფოდან გაწერილი პირველი პაციენტი სტაციონარში 3 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა:

„გუშინ რომ გაეწერა პაციენტი, მასთან გასული იყო სამკვირიანი პერიოდი ჩვენთან ყოფნის. პასუხიც იცით, რომ ორჯერადად უარყოფითი იყო, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთკვირიან თვითიზოლაციაში უნდა იყოს.

ერთი კვირის განმავლობაში მას დააკვირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგი და ერთკვირიანი შეფასებითი შედეგის შემდეგ გადაწყდება მისი თავისუფალი გადაადგილების საკითხი“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 34 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, კარანტინშია 1008 ადამიანი, სტაციონარში კი 64.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG