Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავს


საქართველოს მთავრობა კვლავ ვერ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 17 მარტს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობა მთავრობას არ შესძენს რაღაც ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც დღეს არ გააჩნია: „შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის საჭირო, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ გამოწვევას ვუპასუხოთ და ასე გავაგრძელებთ. რაღაც მომენტში შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაც. ამ გადაწყვეტლებასაც მივიღებთ“.

გახარიას თქმით, დღეს არსებული მონაცემებიდან და ობიექტური რეალობის შეფასებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელი არ არის: „ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის პროცესი. ეს არის მართვის პროცესი, როგორ ვებრძოლოთ ვირუსს. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც დღეს გვჭირდება ეფექტური ბრძოლისთვის, გაგვაჩნია. როდესაც ეს ინსტრუმენტები დაგვიმთავრდება და აუცილებელი იქნება საგანგებო მდგომარეობა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ“.

17 მარტის 13:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 34 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმშია 1008 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 64.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG