Accessibility links

site logo site logo

სოფო კილაძე ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს ონლაინფორმატში გაესაუბრა


„სამწუხაროა, რომ მეშახტეთა შრომითი უფლებები მუდმივად ირღვევა“, - თქვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ტყიბულის ძიძიგურის შახტის გაფიცულ მეშახტეებთან ონლაინფორმატში საუბრისას. მისი შეფასებით, კომპანია, სახელმწიფოს მხრიდან არა ერთი გაფრთხილებისა და სანქციის მიუხედავად, მაინც არ აუმჯობესებს სამუშაო პირობებს.

„დღეს შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად შევეცდები, რომ დავეხმარო, რათა მათი უფლებები აღარ დაირღვეს“, - თქვა სოფო კილაძემ.

პარლამენტის აპარატის ცნობით, მეშახტეებმა სოფო კილაძეს საკუთარი პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ შახტში მუშაობა არ არის მათი სიცოცხლისთვის უსაფრთხო. მეშახტეები, ასევე, დამქირავებელი კომპანიისგან ითხოვენ განაცდური დღეების ანაზღაურებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას.

აპარატის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტში გარეშე პირთა შესვლა და შეხვედრები შეიზღუდა და ის ონლაინფორმატში მიმდინარეობს.

ტყიბულში 200-მდე მეშახტე მეხუთე დღეა, მუშაობაზე უარს აცხადებს. ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფმა გაცდენილი დღეების ანაზღაურების მოთხოვნით ვიდეომიმართვა 13 მარტს გაავრცელა. ისინი ჰყვებოდნენ შახტში შექმნილი მძიმე სამუშაო პირობების შესახებ და მოითხოვდნენ განაცდურის ანაზღაურებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG