Accessibility links

logo-print logo-print

პატიმრები ერთი თვით უფასო სატელეფონო ზარებით ისარგებლებენ


პენიტენციურ სისტემაში განთავსებული პატიმრებისთვის სატელეფონო საუბრებზე შეღავათი ამოქმედდა. ინიციატივის შესაბამისად, თითოეულ პატიმარს მისთვის კანონით დადგენილ ფასიან დროზე 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დაემატა.

სატელეფონო შეღავათის დაწესების მიზეზი კი გახდა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ის ღონისძიება, რომელიც ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის პაემნების უფლებით სარგებლობის დროებით შეჩერებას გულისხმობს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ პატიმრებისთვის დამატებით უფასო სატელეფონო საუბრის დროის დამატება გარე სამყაროსთან ურთიერთობის დეფიციტის ნაწილობრივ შესავსებადაა განკუთვნილი.

სასჯელაღსრულების სისტემაში მოქმედი წესების თანახმად, ნახევრადღია პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს ულიმიტო ფასიანი სატელეფონო საუბრის უფლება აქვთ, ხოლო განსაკუთრებული რეჟიმის დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის, მათი საშიშროების რისკის შესაბამისად, განსაზღვრულია ფასიანი დრო 30 ან 45 წუთი თვეში.

შეღავათის ფარგლებში, 16 მარტიდან თითოეული პატიმარი 15-წუთიან სასაუბრო დროს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენებს, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, შეღავათებით ვერ ისარგებლებენ მხოლოდ ის ბრალდებულები და პატიმრები, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ან საგამოძიებო ორგანოს მიერ აქვთ აკრძალული, ან პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი დარღვევის გამო, დისციპლინარული სახდელის სახით აქვთ შეზღუდული.

17 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 34 ადამიანია დაავადებული. მათგან ერთი განიკურნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG