Accessibility links

site logo site logo

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლილი მსხილაძემ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა.

პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა უთხრა, რომ ექსპერტიზის დასკვნით არ იკვეთება ის გარემოება, რომ მსჯავრდებული მძიმედაა ავად.

„მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა სასჯელის მოხდის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ ირკვევა, რომ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით და აღნიშნული ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მე კომენტარს არ გავაკეთებ, ჩვენი პოზიციაც სწორედ ის იყო, რა გადაწყვეტილებაც სასამართლომ მიიღო. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“, - თქვა აბრამიშვილმა.

გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით საქმის განხილვა 27 თებერვალს დაიწყო. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი ინტერესების დამცველი EMC საჭიროდ მიიჩნევდა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმის გამოყენებას.

ეს მექანიზმი გულისხმობს იმას, რომ გიორგი მამალაძეს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულების გარეთ, უსაფრთხო, მშვიდ და თავისუფალ გარემოში ემკურნალა და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში დაბრუნებოდა სასჯელის მოხდის ადგილს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წელს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საშობაოდ შეწყალებულ 5 მსჯავრდებულს შორის გიორგი მამალაძე არ აღმოჩნდა.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არის ექსპერტიზის სამი დასკვნა მომზადებული. პირველი დასკვნა არის სამედიცინო კონსილიუმის. მეორე დასკვნაში სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ორმა ექსპერტმა შეაფასა მისი მდგომარეობა და ორივემ ფაქტობრივად დაადასტურა ის, რაც კონსიულიუმმა დაადგინა და მათ მიუთითეს, რომ ის ვერ იღებდა ადეკვატურ მკურნალობას. მესამე ექსპერტიზა არის 2019 წლის 11 დეკემბრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული. მათი დასკვნის მიხედვით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და შეუთავსებელია სასჯელის მოხდის პირობებთან. ექსპერტთა ჯგუფმა გასცა მკაფიო რეკომენდაცია სასჯელის გადავადებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG