Accessibility links

logo-print logo-print

გახარია: შიდა გავრცელება ნიშნავს გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა საფრთხეებზე, რომლის წინაშეც კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების გამო, შესაძლოა საქართველო აღმოჩნდეს.

„დღეს ჩვენ ვამბობთ, რა არის მთავარი გამოწვევა: რა სხვაობაა გუშინდელ და დღევანდელ დღეს შორის? აქამდე ვებრძოდით იმპორტიებულს, დღეს აშკარად გვაქვს რისკი შიდა გადაცემის, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ და ვებრძოლოთ გავრცელებას ქვეყნის შიგნით. ეს უკვე სხვა რეჟიმს ნიშნავს, სხვა რეჟიმია ჩასართავი. სხვა მოთხოვნებია ჯანდაცვის სისტემასთან. როდესაც გვექნება მეოთხეული გადაცემა, სიმართლე გითხრათ, ძალიან მცირეა შანსი წყაროები დავადგინოთ. ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელების რისკი. შიდა გავრცელება ნიშნავს (ამისთვის ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს მზად) გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში. ჩვენ ხო ღიად უნდა ვისაუბროთ, ჩვენს მოქალაქეებს არ შევუქმნათ ფუჭი მოლოდინი და არ გავალამაზოთ ობიექტური რეალობა. ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. შიდა გავრცელება ნიშნავს, რომ არსებობს რისკი თუ დღეს ჩვენ გვაქვს 35 შემთხვევა ინფიცირებული მოქალაქეების, ეს რიცხვი გაიზრდება გეომეტრიულად. სულ სხვა რეალობაა ეს. შესაბამისად, მიდგომები, რომელიც უნდა ჰქონდეს მთავრობას, იქნება სხვა - ბევრად უფრო მკაცრი“, - აცხადებს გიორგი გახარია.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, მთავრობა საგანგებო მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადასულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს ამავე რეჟიმში. თუმცა პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს შეზღუდვების შემოღებას თავშეყრის ადგილებში: მაღაზიებში, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, ბაზრობებში და სხვ.

გახარიას თქმით, ხელისუფების ამოცანაა შიდა გავრცელების სიჩქარის შემცირება. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს ნიშნავს, რომ „ჯანდაცვის სექტორზე მიმართვიანობა არ იყოს პიკური, არამედ იყოს პლატოსებური“.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა კარანტინის რეჟიმში გადადის, თუმცა, შეიძლება ასეთი გამოწვევის წინაშეც აღმოჩნდეს ქვეყანა, ისევე, როგორც საგანგებო მდგომაროების აუცილებლობის“, - დასძენს გიორგი გახარია.

17 მარტს გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველო ახლა კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადადის.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა არის დადასტურებული. მათგან ერთი განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG