Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: რუსეთის ფედერაციამ საქართველოს 7 მოქალაქეს კომპენსაცია გადაუხადა


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ კომპენსაცია გადაუხადა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც 2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების გამო ინდივიდუალური საჩივრებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

საია-ს თანახმად, ამ დროისათვის რუსეთის ფედერაციამ თანხა 7 პირს ჩაურიცხა, ერთ მომჩივანთან კი კომუნიკაცია კომპენსაციის დაფარვის საკითხზე გრძელდება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოში სულ 8 დაზარალებული პირის ინტერესებს იცავდა.

ინდივიდუალურ საქმეებზე ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წლის 26 მარტს გამოიტანა. გადაწყვეტილებით, რუსეთს დაზარალებული მოქალაქეების, მათ შორის, საია-ს დაცვის ქვეშ მყოფი 8 პირის, სასარგებლოდ სხვადასხვა ოდენობის კომპენსაცია (2000 ევრო ან/და 10,000-დან 15,000 ევროს ფარგლებში) უნდა გადაეხადა. კომპენსაციის ოდენობა თითოეულ მომჩივანთან მიმართებით ინდივიდუალურად განისაზღვრა მათ მიმართ დარღვეული უფლებების სიმძიმის, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

ინდივიდუალური საქმეების გარდა, რუსეთს კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდა სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ფარგლებშიც დაეკისრა. კერძოდ, ევროპული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ფარგლებში დაკისრებული თანხა რუსეთს ამ დრომდე არ გადაუხდია.

"მინისტრთა კომიტეტმა დეპორტირებულების საქმის აღსრულების მიმდინარეობა 2020 წლის 3-5 მარტის სხდომაზე შეაფასა და რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ დღემდე არ გადაუხდია დაკისრებული კომპენსაცია", - განმარტავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG