Accessibility links

site logo site logo

თვითიზოლაციის წესის დამრღვევმა სხვების თვითიზოლაცია გამოიწვია


გორი-თბილისის ავტომაგისტრალზე, თბილისიდან ზუგდიდისკენ მიმავალი მიკროავტობუსის შეშფოთებულმა მგზავრებმა პოლიცია გამოიძახეს, მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ მათ შორის ერთ-ერთი, კორონავირუსთან დაკავშირებული თვითიზოლაციის წესის დარღვევით, დასავლეთ საქართველოსკენ მიემგზავრებოდა. მის გარდა მიკროავტობუსში კიდევ 8 მგზავრი იმყოფებოდა.

მათ ამ პირის სატელეფონო საუბრიდან შეიტყვეს, რომ პოლონეთიდან სამი დღის წინ დაბრუნდა და ეს მაშინვე აცნობეს შესაბამის სამსახურებს. მგზავრების ინფორმაციით, როგორც კი ამ პირმა ეს შეიტყო, მიკროავტობუსი სოფელ სვენეთთან გააჩერებინა და გაიქცა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს და გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს დახვდნენ შეშინებული მგზავრები. ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა.

„ჩვენ რომ მივედით ადგილზე, ხალხი პანიკაში იყო და დახმარებას ითხოვდნენ. ერთ-ერთი ახალგაზრდა შეუძლოდაც კი გახდა. ჩვენ გავეცით რეკომენდაცია, რომ ყველა, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმყოფებოდა, სახლებში დაერიგებინათ და თვითიზოლაციაში ყოფილიყვნენ“, - ამბობს გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი მარი გიუნაშვილი.

არსებული ინფორმაციით, გაქცეული მგზავრი დაკავებულია, თუმცა, პოლიცია ამას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ მიკროავტობუსის გადაადგილებით დაირღვა კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით ამ ტიპის ტრანსპორტის მიმოსვლაზე დღეიდან დაწესებული აკრძალვაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG