Accessibility links

site logo site logo

რუსთავში კიდევ ერთი საკარანტინო სივრცე იხსნება


ირაკლი ტაბაღუა

სასტუმრო „გრანდ ვეჯინში“ თვითიზოლაციისთვის სივრცე მოეწყობა, სადაც რისკქვეყნებიდან უკვე ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს მოათავსებენ.

ახალი საკარანტინო სივრცე რუსთავის შემოსასვლელში მდებარეობს და 56 ნომერი აქვს.

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, 18 მარტს გამართულ ბრიფინგზე ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, გაგებით მოეკიდონ თვითიზოლაციისთვის მეორე სივრცის გახსნას ქალაქში.

„ეს ადამიანები არ არიან დაავადებული. ეს არის პრევენციის ერთ-ერთი ფორმა. ისინი არიან დაკვირვების ქვეშ, ისევე როგორც თვითიზოლაციაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც სახლში იცავენ ამ წესს. სასტუმრო „ვეჯინში“ კი იცხოვრებენ ის ადამიანები, რომლებსაც თვითიზოლაციის საშუალება საკუთარ სახლებში არ აქვთ. ასეთი სივრცის არსებობა ქალაქში არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს რუსთაველებისთვის“, - თქვა მან.

„გრანდ ვეჯინთან“ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სასტუმრო უკვე მზადაა ადამიანების მისაღებად.

უფრო ადრე საკარანტინო სივრცე გაიხსნა ბიზნესცენტრ „სასტუმრო რუსთავში“.

რუსთავის მერიის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის“ დირექტორმა, დავით ბეგაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამჟამად „სასტუმრო რუსთავში“ კარანტინში 80-მდე მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 31 რუსთაველია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG