Accessibility links

site logo site logo

შსს დროებით აჩერებს მართვის უფლების მისაღებ გამოცდას და მოწმობის გაცემას


შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 20 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს. ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოს მასშტაბით მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში უქმდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.

- მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე;

- იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ასევე უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, შსს-ს ინფორმაციით, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge), დამზადებული დოკუმენტის განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში გაიცემა. ხოლო, სხვა ცნობების მისაღებად, განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.

შსს-მ რეგულაციები შემოიღო საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების შესაბამისად ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით.

20 მარტიდან მოქალაქეებს შეუძლიათ მომსახურების სააგენტოს მიმართონ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურებისთვის.

დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული 19, 24, 26 და 28 მარტს წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.

18 მარტის 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 38 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 1344, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG