Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი? მამუკა მდინარაძე კითხვას "ფეისბუკში" პასუხობს


საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა მედიასა და საზოგადოებაში არსებულ კითხვას - რატომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი? მისი პოსტის თანახმად, კითხვა უსაფუძვლოა და ბიძინა ივანიშვილი აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, ახალი კორონავირუსის გამოწვევების დაძლევის ღონისძიებების დაგეგმვაში.

„ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი იშვიათად ჩანს ტელეეკრანებზე, იშვიათად გამოდის საჯარო აქტივობებით, თუმცა არც ერთ ადამიანს ამ თემაში ის არ დაუნახავს, რასაც ზოგიერთი ე.წ. მედიასაშუალება ეძებს“, - ამბობს მამუკა მდინარაძე. იგი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ურთიერთობს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან და გადაწყვეტილებებიც კოორდინაციის შედეგად მიიღება:

„ქართული ოცნება’’ მთელი შემადგენლობით აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არსებული გამოწვევების, სადღეისოდ კი, ბუნებრივია, მთავარი გამოწვევის, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, აქტიურ კომუნიკაციაშია საკოორდინაციო საბჭოს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სრული კოორდინაციით მიიღება.

რა თქმა უნდა პარალელურად, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ვმუშაობთ“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე. მისი განმარტებით, გასულ კვირაში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2 შეხვედრა და შტაბის შეკრება გაიმართა. ამ შეხვედრების ამსახველი ფოტოები, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ცნობით, დევს პარტიის ფეისბუკგვერდზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG