Accessibility links

logo-print logo-print

თენგიზ ცერცვაძის აზრით, საქართველოში მეოთხეული გავრცელება არ დადასტურებულა


შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, ერთი პაციენტის საკითხს, რომლის შემთხვევაშიც ცნობილი არ იყო კორონავირუსის (COVID – 19) გადაცემის მკვეთრი წყარო.

„ექსპერტების მოსაზრება გაიყო, ჩათვლილიყო თუ არა მეოთხეულ გავრცელებად. ჩემი პირადი და რამდენადაც ვიცი, ექსპერტების უმრავლესობის მოსაზრებაა, რომ ეს არ იყო მეოთხეული გავრცელება, რამდენადაც ის პაციენტი ძალიან დამაჯერებლად არა, მაგრამ მაინც ამბობდა, ვისგან დაინფიცირდა. მეტი ალბათობით ის ამბობდა, ვისგან დაინფიცირდა, ვიდრე - არა. ამიტომ, ეს არ არის მეოთხეული გავრცელება, ან თუ არის, მხოლოდ ერთადერთი შემთხვევაა“, - უთხრა ცერცვაძემ ჟურნალისტებს.

კლინიცისტი ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარების შესახებაც საუბრობს. ერთი პაციენტის გამოჯანმრთელების შემდეგ, როგორც ცერცვაძე ამბობს, „დარჩენილი 37-დან, ორის მდგომარეობა არის მძიმე, ხოლო რამდენიმე პაციენტის არის პრობლემური, რამდენადაც მათ აქვთ ასაკი და თანხმლები დაავადებები, მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, ან გულის უკმარისობა. სულ პნევმონია აქვს 11 პაციენტს, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის მსუბუქი“, - აღნიშნავს ცერცვაძე. მისი თქმით, ინფიცირებულ არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი და დამაკმაყოფილებელია.

ამჟამად ლუგარის ლაბორატორიიდან სულ 12 პირის შესახებ ელოდებიან პასუხს, მათ შორის არიან #2 და #3 პაციენტები, რომლებიც ცერცვაძის შეფასებით, გამოჯანმრთელების კანდიდატები არიან. მათი მასალა აღებულია და გაგზავნილია ლუგარის ცენტრში და პასუხი გვიან ღამით გახდება ექიმებისთვის ცნობილი.

18 მარტის 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმშია 1344 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG