Accessibility links

ქართული მედიცინა კორონავირუსთან ჭიდილში  - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 მარტს


საქართველოში კვირის ბოლოს COVID-19-ის მეოთხეული გადაცემის შემთხვევებს ელიან

  • პაციენტები COVID-19-ით - 37
  • გამოჯანმრთელებული - 1
  • კარანტინში - 1344
  • სტაციონარში - 2016

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კვირის ბოლოს კორონავირუსის გადაცემის მეოთხეული და მეხუთეული შემთხვევები შეიძლება გამოჩნდეს.

„ეს ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს ზრდა იყოს, ასე ვთქვათ, მინიმალური“,- თქვა ამირან გამყრელიძემ.

მეოთხეული გადაცემის სავარაუდო შემთხვევაზე საუბარი იყო 17 მარტსაც, თუმცა ექსპერტების უმრავლესობის აზრით, ის ამ დრომდე არ ითვლება ამ კატეგორიის შემთხვევად, რადგან პაციენტს აქვს ეჭვი ინფიცირების წყაროზე.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ ამჟამად ერთი პაციენტის მდგომარეობა არი მძიმე, რამდენიმეს მდგომარეობა ასაკისა და თანხმლები დაავადებების გამო არის პრობლემური, ხოლო დანარჩენი პაციენტები, მათ შორის 4 ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ. სულ 11 პაციენტს აქვს პნევმონია.

იტალია კი ისევ რჩება ჩინეთის შემდეგ ვირუსის მეორე ეპიცენტრად. იქ კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ერთ დღე-ღამეში 475-ით გაიზარდა და 2978-ს მიაღწია, რაც 19%-იანი ზრდაა - ყველაზე მაღალი ეპიდემიის აღმოჩენის შემდეგ.

წაიკითხე მეტი.

მზად არიან ოჯახის ექიმები, რომ კორონავირუსს ბინაზე უმკურნალონ?

მას შემდეგ, რაც საქართველომ კორონავირუსის შეჩერების ფაზიდან გავრცელების შენელების ფაზაში გადაინაცვლა, ანუ, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს, დღის წესრიგში დადგა მკურნალობის ახალ ეტაპზე გადასვლა, რაც ვირუსის მსუბუქი ფორმის შემთხვევაში, პაციენტთა ბინაზე მკურნალობას გულისხმობს. ამ მეთოდს ევროპის ქვეყნებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც პაციენტების რაოდენობამ ათასებს გადააჭარბა.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 18 მარტს, მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა: "80-დან 82 პროცენტამდე ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და ისეთი პაციენტები, რომლებსაც ექნებათ მსუბუქად გამოვლენილი ფორმები ისინი მიიღებენ სახლში ოჯახის ექიმის მომსახურებას".

თბილისის ცენტრალურ უბანში მოქმედი ერთ-ერთი კლინიკის პედიატრი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე, არც მას და არც მისი კლინიკის ოჯახის ექიმებს, არანაირი კონკრეტული რეკომენდაცია და ტრენინგი კორონავირუსის ბინაზე მართვის შესახებ არ ჩასტარებიათ. შეძლებენ თუ არა ექიმები დაავადების დროულად იდენტიფიცირებასა და სიტუაციის დისტანციურად კონტროლს?

წაიკითხე მეტი.

ეროვნული ბანკი 40 მილიონ დოლარს გაყიდის

საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს სავალურო აუქციონზე 40 მილიონ დოლარს გაყიდის, რაც ბოლო ორ კვირაში ლარის გაუფასურების ფონზე განხორციელებული მეორე ინტერვენციაა.

13 მარტს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი უკვე გაყიდა.

ლარი კი განაგრძობს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაუფასურების ტენდენციას დოლარსა და სხვა არაერთ ვალუტასთან მიმართებაში. ბოლო ერთ დღეში ლარო დოლართან თითქმის 10 თეთრით გაუფასურდა.

6 მარტიდან დღემდე ლარი დოლართან 40 თეთრით გაუფასურდა, ამდენივე ერთეულით გაუფასურდა ლარი ევროსთან. დღეს კი შემდეგი გაცვლითი კურსი მოქმმედებს:

  • 1 დოლარი — 3,1804 ლარი;
  • 1 ევრო — 3,4997 ლარი.

მკვეთრად დაეცა ნავთობის ფასები

Brent-ის მარკის ნავთობზე ფასები ბარელში 26 დოლარამდე დაეცა - პირველად 2003 წლის შემდეგ.

ამ მარკის ნავთობზე მაისის ფიუჩერსების ფასმა ლონდონის ICE-ს ბირჟაზე ოთხშაბათს 9,6%-ით იკლო.

ფასების ვარდნის ფონია ახალი კორონავირუსის პანდემია და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციასა (OPEC) და ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს შორის უთანხმოება. მსგავსი ვარდნა შეინიშნებოდა 16 მარტს.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ჟენევის საერთაშორისო დისკუსია ჩაიშალა

ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა ადგილობრივ ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში. ჯიოევის თქმით დისკუსიის ჩაშლა ახალი კორონავირუსის საფრთხეს უკავშირდება

„გვქონდა ერთმანეთთან კომუნიკაცია და ყველა მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ მაღალი საფრთხის გამო ეს შეხვედრა უნდა გადადებულიყო. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის განახლდება დისკუსია, ამაზე დამატებით დავილაპარაკებთ დელეგაციების წარმომადგენლები“, - განაცხადა ჯიოევმა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსია 31 მარტს და პირველ აპრილს უნდა გამართულიყო.

წაიკითხე მეტი.

COVID-19 და იბუპროფენი - უნდა გვეშინოდეს, თუ არა?

ადამიანებმა, რომლებიც ეჭვობენ, რომ ახალი კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, თავი უნდა შეიკავონ იბუპროფენის მიღებისგან - განაცხადა 18 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა. ჯანმოს გაფრთხილება, იბუპროფენის გარდა, შეეხება ყველა სახის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას.

იბუპროფენი პოპულარული სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია. ის აფთიაქებში სხვადასხვა ბრენდული სახელწოდებებით გვხვდება - მათ შორის „ნუროფენის“ და „ადვილის“ სახელებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ

  • გაფრთხილება შეეხება COVID-19-ის თვითმკურნალობას და არა ზოგადად იბუპროფენის მიღებას
  • საბოლოო სიტყვა მაინც მკურნალ ექიმს ეკუთვნის
  • კვლევები ჯერაც მიმდინარეობს და გადაჭრით დღეს ვერავინ ვერაფერს ამბობს.

წაიკითხე მეტი.

18 მარტს, 21:00 საათზე თბილისის სხვადასხვა უბანში მოსახლეობა აივნებზე გამოვიდა და მადლობის ნიშნად ტაში დაუკრა ქართველ ექიმებსა და ყველას, ვინც კორონავირუსის პანდემიას ებრძვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG